ჩვენ დავარწმუნეთ კომპანია, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, საიდანაც გააფართოებენ თავის ბიზნესს და ექნებათ წვდომა 2,3 მილიარდ პოტენციურ მომხმარებელთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თავისუფალი ვჭრობის რეჟიმის ფარგლებში, განაცხადა მინისტრმა
„შტადლერი“ დავარწმუნეთ, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათი ბიზნესის გაფართოებისთვის, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის“ ჯგუფის პრეზიდენტ პიტერ შპულერს შეხვდა.
„ისინი ხედავენ ამ პერსპექტივებს, განსაკუთრებით კი „კოვიდის“ ეპიდემიის პირობებში ჩვენი პროაქტიური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად. ჩვენ დავარწმუნეთ „შტადლერი“, რომ საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, საიდანაც გააფართოებენ თავის ბიზნესს და ექნებათ წვდომა 2,3 მილიარდ პოტენციურ მომხმარებელთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თავისუფალი ვჭრობის რეჟიმის ფარგლებში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო და ახლა უკვე ეპიდემიოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის კეთებისთვის.
ნათია თურნავას განცხადებით, „შტადლერი“ ქართულ ბაზარს აქამდე საკუთარი წარმოების ვაგონებს აწვდიდა და მთელ რიგ ტენდერებშიც მონაწილეობდა, თუმცა ახლა უკვე შესაძლებელია მათთან საუბრის დაწყება უფრო მეტ თანამშრომლობაზე, კერძოდ, საქართველოში წარმოების დაფუძნებაზე.
„შტადლერი“ არის კომპანია, რომელიც საკმაოდ ბევრ ჩვენს მოქალაქეს დაასაქმებს. კომპანია მზად არის, დაიწყოს ტრენინგები, მოსამზადებელი ეტაპი და ვიმედოვნებთ, ჩვენი ჩართულობითა და მხარდაჭერით, საბოლოო ჯამში, „შტადლერის“ ადგილობრივი ქარხანა გვექნება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგია ითვალისწინებს მოლაპარაკებების გამართვას 400-ზე მეტ გლობალურ კომპანიასთან და მათთვის საქართველოს ბიზნეს–შესაძლებლობების გაცნობასა და მიმზიდველი საინვესტიციო პირობების შეთავაზებას.
მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ (Stadler) 1942 წელს დაფუძნდა. კომპანიის გაყიდვები 3,46 მილიარდ დოლარს აღწევს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კი ჯამში 10 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
“სპუტნიკი”