დისკრიმინაციული კარანტინის გაუქმებისა და უსაფრთხო ქვეყნებში რეგულარული ფრენების დაშვების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
“მიუხედავად იმისა რომ ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში შეიყვანა და საქართველოს მოქალაქეებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ევროკავშირის უმეტეს წევრ ქვეყნებში შესვლა, საქართველო კვლავაც არ ხსნის საზღვრებს.
15 ივლისს საქართველოს მიერ ევროკავშირის ხუთი ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია და ბალტიის ქვეყნები) მოქალაქეთათვის საზღვრის გახსნის მიუხედავად, ქვეყანა დიდწილად კვლავაც დაკეტილია.
საქართველოს მთავრობა ავიაკომპანიებს ფრენების განხორციელების უფლებას უკიდურესად შეზღუდული რაოდენობით აძლევს ხოლო ბიუჯეტურ ავიაკომპანიებს ფრენებს მის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებულ ქვეყნებშიც კი სრულიად უკრძალავს.
ამავე დროს, საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს სავალდებულო ორკვირიან კარანტინს საქართველოს მოქალაქეებისთვის რომლებსაც სამშობლოში ე.წ. გამწვანებული ანუ უსაფრთხო ქვეყნებიდან დაბრუნება სურთ მაშინ როცა ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა უკარანტინოდ შეუძლიათ” – ნათქვამია პეტიციის ავტორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პეტიციაზე ხელმომწერები ითხოვენ:
გაუქმდეს დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის თუკი ისინი ბრუნდებიან საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან;
გაფართოვდეს უსაფრთხო ქვეყნების სია. ამჟამად არსებული ოფიციალური სტატისტიკით უკვე უსაფრთხოდ გამოცხადებულ ქვეყნებთან თანაზომადი ეპიდსურათი აქვთ ისეთ ქვეყნებს როგორებიცაა პოლონეთი, საბერძნეთი და ავსტრია;
საქართველოს მთავრობამ ნება დართოს ვიზეარს და რაინეარს განახორციელოს რეგულარული ფრენები საქართველოს მთავრობის მიერ უსაფრთხოდ გამოცხადებულ ქვეყნებში.
წყარო: ghn.ge