როგორ აპირებს აჭარის მთავრობა ეკონომიკის დარგების დივერსიფიცირებას?

როგორ აპირებს აჭარის მთავრობა ეკონომიკის დარგების დივერსიფიცირებას და რა მოლოდინია ინვესტიციების კუთხით?

COVID-19-ის პირობებში დაპაუზებული ეკონომიკა უნდა გაიხსნას და ამოქმედდეს, ინვესტიციები შემოვიდეს და ტურიზმიც ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს. აჭარის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ პოსტ-კოვიდურ ეპოქაში სწორი მოქმედებებით შედეგის მიღწევა გამარტივდება. ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, სადაც ტურიზმის პირდაპირი და არაპირდაპური გავლენა ეკონომიკაზე 70%-ია, მის დივერიფიცირებაზე მუშაობა პანდემიამდე დაიწყო, რათა რეგიონში ტურიზმთან ერთად ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგებიც განვითარდეს.

რა იგეგმება აჭარაში საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით, როგორ აპირებს მთავრობა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას “ჯი-ეიჩ-ენს” დეტალებზე აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე კუჭავა ესაუბრა:

– COVID-19-ის ფონზე ბევრ ინვესტორს შეექმნა პრობლემები ვალდებულებების შესრულების კუთხით. რა ვითარებაა ამ მხრივ აჭარაში?

– დიახ. ჩვენმა მთავრობამ ამაზე იმუშავა. ორი საკითხი იყო გადასაჭრელი – პირველი ვისაც საინვესტიციო ვალდებულებები ჰქონდა და მეორე ვისაც ესა თუ ის ქონება იჯარით ჰქონდა აღებული. ჩვენ ჯერ კიდევ მარტში მოვამზადეთ განკარგულება, რომ მომართვის შემთხვევაში საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების პირობები 4 თვით, ავტომატურად, გადავადდებოდა. რაც შეეხება გადახდების ნაწილს, ვისაც 1-ელი მარტიდან სექტემბრის ჩათვლით ჰქონდა გადახდა, მათი გადახდის ვალდებულებამ გადაიწია 20 დეკემბრამდე. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გამო ეს გადავადების ვადაც გადავწიეთ და საბოლოოდ მიღებულია გადაწყვეტილება: მომართვის შემთხვევაში კომპანიების საინვესტიციო ვალდებულებები, ყოველგვარი საურავებისა და ჯარიმების დაკისრების გარეშე, გადავადდება 6 თვით. ხოლო გახადები გადავადებულია 20 დეკემბრამდე.

– როგორია ბიზნესის მიერ მომართვიანობა?

– მომართვიანობა საკმაოდ აქტიურია. მე მგონი ყველა აპირებს, რომ ისარგებლოს ამ შეღავათით. შესაძლოა ესა თუ ის კომპანია დროში საკუთარი ვალდებულებების შესრულებას ასწრებდეს, მაგრამ მაინც თავის დაზღვევის მიზნით ამ 6 თვეს თავის დაზღვევის მიზნით იღებენ. ნებიმსიერი ბიზნესი თუ დამატებით ვადებს მიიღებს, მათთვის ეს რისკების დაზღვევასთანაა დაკავშირებული და ამ შეღავათებით მაქსიმალურად სარგებლობენ.

რაც შეეხება იჯარების თემას, ვისაც იჯარა ჰქონდა, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის კომპანია იყო და რა საქმიანობას ეწეოდა, მათ იჯარის გადასახადი 3 თვის განმავლობაში გაუუქმდა. ვისაც ჰქონდა გადახდილი მათ მომდევნო თვეების იჯარის გადასახადში ჩაეთვალათ.

– ტერიტორიული მდგომარეობის გათვალისწინებით მესმის, რომ აჭარისათვის ტურიზმი ნომერ პირველი პრიორიტეტია. COVID-19-ის ფონზე ხომ არ მოხდება დარგების დივერსიფიცირება, როგორც კერძო ინვესტორების, ასევე სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო წინადადებების შეთავაზებისას?

– პანდემია არანაირ კავშირში არ არის იმ პოლიტიკასთან, რასაც აჭარის მთავრობა აწარმოებდა. იმ გუნდმა, რომელიც დღესაა, მიზნად დაისახა, რომ დივერსიფიცირება ყოფილიყო არა მხოლოდ ეკონომიკის დარგების დონეზე, არამედ სექტორულადაც. მაგალითად ტურიზმი, რომელიც აჭარისათვის მნიშვნელოვანი დარგი ყოველთვის იქნება, მაგრამ ჩვენი ვცდილობთ, რომ აქტუალური გახდეს მომიჯნავე დარგებიც. იმ გუნდის მიზანი, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, იყო ის, რომ მოგვეხდინა სექტორების დივერსიფიცირება ანუ ტურიზმი და სხვა სექტორები და ასევე თავად ტურიზმის დივერსიფიცირება. ანუ ყოფილიყო სხვადასხვა სექტორები, რომლებიც ტურიზმში სხვადასხვა მიმართულებებს განავითარებდა. იმიტომ, რომ დღეს ერთი მიმართულებაა წამყვანი ესაა საზღვაო ტურიზმი. ჩვენ გვინდოდა, რომ აქტუალური ყოფილიყო სხვა მიმართულებებიც, რისთვისაც კონკრეტული საინვესტიციო თემები უკვე გამზადებულია. ესაა მაგალითად სპორტული ტურიზმის მიმართულებით, რისთვისაც სათანადო კვლევა ჩატარდა, შეირჩა სათანადო ადგილები და ახლა საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე. დღეს ყველა მუნიციპალიტეტი თანახმაა, რომ ეს ცვლილებები განახორციელოს, რომელიც ეხება იმას, რომ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ობიექტები განთავისუფლდება ქონების გადასახადიდან, რაც მომავალში ინვესტიციების წახალისებას შეუწყობს ხელს. ეს ერთი მიმართულება. გვაქვს ასევე ეკო მიმართულება. ანუ ზემო აჭარის, მთიანი აჭარის მიმართულების განვითარება. სამთო-სათხილამურო მიმართულება კურორტ გოდერძიზე ისედაც ვითარდება, სადაც დაახლოებით 20 საინვესტიციო პროექტია დაახლოებით 200 მლნ ლარის საინვესტიციო პროექტებით. 2020 წელი გარდამტეხი წელია იმ თვალსაზრისით, რომ ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია საბოლოო ჯამში დაიწყო. კომპანია, რომელმაც საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებას ვერ უზრუნველყოფდა. თუმცა ახლა უკვე ახალი ტენდერია გამოცხადებული და მალე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება და ამ ინფრასტრუქტურული პროექტის ბედიც მალე გადაწყდება და წინ წავა.

რაც შეეხება ასევე კიდევ ერთ მიმართულებას ეს არის სამედიცინო-სარეაბილიტაციო ტურიზმი. ჩვენ შერჩეული გვაქვს კონკრეტული ლოკაცია. ეს არის ციხისძირის კონკრეტული ტერიტორია. ნაკვეთები უკვე დაყოფილია და ვფიქრობთ, რომ მალე საპრივატიზაციოდ გავიტანოთ.

ასევე გოდერძზე კოტეჯების მოწყობაზე გამოცხადდა აუქციონი.

– კურორტ გოდერძიზე მინდა ჩაგეკითხოთ. კურორტზე იგეგმებოდა ასაფრენ/დასაფრენილი ბილიკის მოწყობა. რა ეტაპზეა ეს პროექტი?

– ამ მიმართულებით ორი დაინტერესებული კომპანია იყო. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ კურორტ გოდერძიზე 2 ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი აშენდება. თუმცა პანდემიის პირობებში ამ კომპანიებმა, რამდენად შეცვალეს გეგმები, ან ხომ არ გადავადეს ჯერჯერობით არ ვიცი. პანდემიამდე ყველაფერი მზად იყო.

კურორტ გოდერძის გეგმარებაში საწყისშივე იყო გათვალისწინებული ასაფრენ/დასაფრენი ზოლისთვის ადგილი. მოწყობილი არ არის, მაგრამ განაშენიანების გეგმაში დევს. ასევე გეტყვით, რომ ერთ-ერთ კომპანიას სურდა, განაშენიანების ფარგლებს გარეთ, ანუ სხვა ადგილას სურდა ასაფრენ/დასაფრენი ზოლის მშენებლობა. ტერიტორია, რომელიც კომპანიას ჰქონდა შერჩეული წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდს, მაგრამ მისი იურიდიული სტატუსის მიუხედავად იქ ერთი ხეც არ არის. ამ ფონზე კანონის შესაბამისად, თუ კი ინვესტიციის მოცულობა გარკვეულია მაშინ ტყის ფონდიდან ამორიცხვა შესაძლებელია. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ქონების ეროვნულ სააგენტოსთან. ფაქტობრივად ეს საკითხი უკვე მომზადებულია და საბოლოო პასუხს ინვესტორისგან ველოდებით.

– სექტორულ დივერსიფიცირებას, რომ დავუბრუნდეთ რა სიახლეები იგეგმება იმ ზონების განვითარებაში რაც ასე მრავლადაა აჭარის ტერიტორიაზე?

– რაც შეეხება სექტორულ დივერსიფიცირებას, 2 წელია ვამზადებთ და უკვე ბოლოსკენ გავედით. ბათუმში არის სამრეწველო ზონა, რომელსაც ძველ სამრეწველო ზონას ვუწოდებთ. სადაც ამ დროისათვის არანაირი კომუნიკაცია არ არის: წყალი, გაზი და სხვა. თუმცა კომპანიები კი ფუნქციონირებენ. ძირითადად ესენია ქვის სატეხი საამქროები. ჩვენ ამ ტერიტორიის დაგრძელებისთვის უკვე მოვამზადეთ დაახლოებით 50 ჰა ტერიტორია, რომელიც განკუთვნილი იქნება უშუალოდ წარმოების სექტორისთვის, წარმოების ხაზის აწყობისთვის.

– ზონაში ოპერირებული კომპანიები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ?

– სიმართლე გითხრათ ფასთან მიმართებაში არანაირი შეღავათები არ იქნება და არც ამის საჭიროება აქვს კომპანიას. ადგილი იმდენად სტრატეგულია რომ…. ბიზნესთან კომუნიკამციის შედეგად მივხვდით ერთ რამეს, რომ ჩვენ მათ უნდა მივუყვანოთ წყალი, გაზი, ელ.ენერგია, გავუკეთოთ კანალიზაცია. კომუნიკაციას თუ მივუყვანთ, არანაირი პრობლემა აღარ არის, რომ საბაზრო ფასი გადაიხადონ. ჩვენ რამდენიმე ქონება უკვე გავყიდეთ. დავაგეგმარეთ გზები და ყველა კომუნიკაცია და წელს გვინდა გამოვაცხადოთ ტენდერი, რომლის საფუძველზეც კომუნიკაციების გაყვანა მოხდება. რაც თავის მხრივ საშუალებას მისცემს კერძო კომპანიებს, რომ დაერთებები გააკეთონ და ფუნქციონირება დაიწყონ. ამ კონკრეტული სეგმენტისთვის სწორედ ესაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტი. ახლაც გამოტანილი გაქვს 5 ჰა მიწა გასაყიდად კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით და ვნახოთ.

– ამ ზონაში რა მოცულობის ინვესტიციას ვარაუდობთ?

– ვარაუდობთ, რომ ეს იქნება დაახლოებით 75 მლნ ლარის ინვესტიცია ჯამურად და ამ ზონამ 3-4 წელიწადში დაახლოებით 1500 სამუშაო ადგილი უნდა შექმნას.

– რაც შეეხება ქობულეთს, იქაც იგეგმება სამრეწველო ზონის მოწყობა?

– დიახ, მიმდინარეობს ქობულეთის მიმდებარე ტერიტორიებზე სამრეწველო ზონის შექმნა, რომელიც კვების მრეწველობისთვის იქნება გათვლილი. ამ ზონას ექნება სამი მიმართულება: სასაწყობე, გადამამუშავებელი და მწარმოებელი კომპანიებისთვის – დაცული ეკოლოგიური სტანდარტებით.

„კვების მრეწველობის ინდუსტრიული ზონა“ დაახლოებით 35 ჰა ფართობს მოიცავს, სადაც მოსალოდნელია 30 მლნ კერძო ინვესტიციის მოზიდვა და 1000 სამუშაო ადგილის შექმნა.

– ამ ზონაში შეირჩევა ოპერატორი კომპანია, რომელიც შემდგომ პასუხისმგებელი იქნება მის განვითარებაზე, თუ სახელმწიფო აიღებს ამ ვალდებულებებს?

– სახელმწიფო უზრუნველყოფს. ჩვენ სპეციალური პროგრამის შექმნას ვაპირებთ. კომუნიკაცია გაქვს „აწარმოე საქართველოსთან“. განიხილება ისე, რომ ვთქვათ მიწის ნაკვეთები გადავცეთ ჩვენ კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით, ხოლო „აწარმოე საქართველომ“ თავისი პროგრამების ფარგლებში სესხების სუბსიდირება ან საგარანტიო სქემებით უზრუნველყოს. ანუ განიხილება, რომ ერთობლივი პროექტი ჩამოყალიბდეს. ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის დაგეგმარება. არის პრობლემური ნაწილებიც, რადგანაც ზოგი სასოფლო-სამეურნეობ მიწაა, ზოგიც თვითნებურადაა დაკავებული. ამჟამად მსგავსი საკითხების მოგვარებით ვართ დაკავებული, რათა სრულყოფილი საინვესტიციო პაკეტი იქნეს ინვესტორისთვის შეთავაზებული.

– ქობულეთში არის ასევე ტურისტული ზონაც, სადაც აქტიურობა არც COVID-19-ის პანდემიამდე შეინიშნებოდა. რა კეთდება იმისათვის, რომ ზონა რეალურად ამუშავდეს?

– აღნიშნულ საკითხზე ინტენსიურად ვიმუშავეთ. ტურისტული ზონისადმი დაინტერესება იყო საკმაოდ დაბალი. ამისთვის სათანადო კვლევა ჩავატარეთ, ბიზნეს შევხვდით. შევხვდით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსაც. გაირკვა, რომ ტურისტული ზონის გამართულად ფუნქციონირების საწინააღმდეგოთ ბევრი ფაქტორი მუშაობდა. ტურისტულ ზონაში თუ სასტუმროს გაკეთება მოუნდებოდა ვინმეს, მას უნდა ესარგებლა იმ კონკრეტული პროექტით, რომელიც იყო დამტკიცებული. სასტუმრო და მომიჯნავე ინფრასტრუქურა უნდა გაშენებულიყო 1800 ჯვ/მ ფართობზე. ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელმაც ზონაში სასტუმროს მშენებლობა დაასრულა, მიხვიდეთ და ნახოთ, დარწმუნდები რომ ის სასტუმროს საერთოდ არ გაქვს. ის უფრო საცხოვრებელ კორპუსს წააგავს. როდესაც ბიზნესთან გვქონდა შეხვედრები ისინი პირველ რიგში ამ პრობლემას ასახელებდნენ, მეორეც 1800 კვ/მ შესაძლოა ნორმალური სასტუმროს ფუნქციონირებისთვის საკმარისიც არ იყოს. თავად პროექტი არის ძალიან შემზღუდველი და არ ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ის ოპერირება სასტუმროებმა განახორციელონ. ამიტომ ჩვენ ყოველივე ამის საფუძველზე მოვამზადეთ საკანონმდებლო ინიციატივა, საკითხი გავიარეთ შესაბამის კომისიასთან. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ გაწერილი არ იყო, რომელი ორგანო რა მიმართულებით იყო პასუხისმგებელი. მარტივად რომ გითხრათ, გაზი ან ელ.ენერგია, რომ კონკრეტულ ადგილამდე მიიყვანონ კონკრეტული პასუხისმგებელ პირი განსაზღვრული არ იყო. ჩვენს საკანონმდებლო ინიციატივაში ეს დეტალები გაიწერა. გარდა ამისა შევცვალეთ და ჩავწერეთ, რომ ჩვენ მოვამზადებთ განაშენიანების გეგმას და ქობულეთის ტურისტული ზონა კონკრეტულ სექტორებად დაიყოფა. ანუ 1800 კვ/მ ფართობიანი შეზღუდვა აღარ იქნება. იქ არის ორი სტადიონი და ჩვენი აზრით მათ მიმდებარედ სპორტული ტურიზმით დატვირთული სასტუმროები უნდა აშენდეს. ასევე იგეგმება ახალგაზრდული სასტუმროების მშენებლობა და ასევე გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების მიმართულებით შესაბამისი სასტუმროების მშენებლობა. როდესაც უცხოელი პენსიონერი ადამიანი მოგზაურობს ის საქართველოში რამდენიმე დღით არ ჩამოვა და ამიტომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა ქვეყანაში საჭიროა. საკანონმდებლო ინიციატივა გადაგზავნილია უმაღლეს საბჭოში და ამის შემდეგ ის წარადგენს შემდეგ პარლამენტში.

ძირითადი ცვლილებები შევა „ტურისტული ზონების შესახებ“ კანონში და ასევე „საგადასახადო კოდექსში“. რატომ „საგადასახადო კოდექსში“? გეტყვით, რომ როდესაც ტურისტული ზონების შესახებ შესაბამისი კანონმდებლობა ამოქმედდა, ანუ 2016 წელს, იქ ეწერა რომ სუბიექტი 10 წლის განმავლობაში თავისუფლდება მოგების გადასახადიდან. ახლა უკვე 2020 წელია, წელს რომ სასტუმროს მშენებლობა დაიწყონ მის სრულყოფას საშუალოდ 3 წელი ხომ დასჭირდება? ანუ 7 წელი უკვე გასულია და ინვესტორს რაღა დარჩა?

ამიტომ ჩვენს მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, კანონში ჩაიწერება, რომ 10 წლიანი შეღავათი იმოქმედებს, სასტუმროს ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში.

– COVID-19-ის პანდემიისას ინვესტორების დაინტერესება რთულია, მაგრამ იმისათვის, რომ პოსტკოვიდურ პერიოდში შედეგები მალე დაიდოს კომუნიკაცია თუ მიმდინარეობს პოტენციურ ინვესტორებთან?

– ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმია. ყველა ინვესტორი ელოდება როგორ განვითარდება მოვლენები. ეს ლოგიკურიცაა. ინვესტორი ცდილობს, რომ რისკები იყოს დაზღვეული. თუმცა ყველა ხვდება, რომ დღეს დაწყებული პროექტები ძალაში 3-4 წელიწადში შევა და ამ პერიოდისთვის სულ სხვა ვითარება იქნება და ეკონომიკის განვითარება სტაბილურობისკენ შეიცვლება. აქედან გამომდინარე ინტერესი არის და ცდილობენ, რომ რისკები სწორად შეაფასონ. გააჩნია პროექტს და ინვესტორის ტიპს.

წყარო: ghn.ge