მანამდე პოლონურმა რეგულატორმა „გაზპრომს“ იმ დოკუმენტების გადაცემა მოსთხოვა, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დაფინანსებას შეეხებოდა.
პოლონურმა ანტიმონოპოლიურმა რეგულატორმა UOKiK-მა რუსული „გაზპრომი“ 213 მილიონი ზლოტით დააჯარიმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საქმეში თანამშრომლობაზე უარის გამო.
„ეს მაქსიმალური სანქციაა, რომელიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებაზე UOKiK-ის თავმჯდომარის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობისთვის, რაც 50 მლნ ევროს შეესაბამება“, ― ნათქვამია რეგულატორის თავმჯდომარის ტომაშ ხრუსტნის განცხადებაში.
UOKiK-ში განმარტეს, რომ საუბარია გამოძიებაზე, რომელიც გაზსადენის მშენებლობის დაფინანსებას შეეხება რეგულატორის თანხმობის გარეშე. 2018 წელს UOKiK-მა ამ საკითხზე ექვს კომპანიას წაუყენა ბრალი: „გაზპრომს“, შვეიცარიულ Engie Energy-სა და ასევე ნიდერლანდურ Uniper-ს, OMV-ს, Shell-სა და Wintershall-ს.
„გამოძიების მსვლელობისას UOKiK-ის თავმჯდომარემ „გაზპრომისგანაც“ მოითხოვა საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, მაგრამ კომპანიამ უარი თქვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე“, ― განაცხადა რეგულატორმა.
გასულ წელს UOKiK-მა უკვე დააჯარიმა Engie Energy 172 მლნ ევროთი, რომელმაც ასევე უარი თქვა მოთხოვნილი დოკუმენტების მიწოდებაზე. იმ დროისათვის სწორედ ეს იყო ყველაზე მსხვილი ჯარიმა რეგულატორის ისტორიაში.
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მოიცავს გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას, რომელთა საერთო სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში და გაჭიმულია რუსეთის სანაპიროდან გერმანიამდე ― ბალტიის ზღვის გავლით. პროექტს ახორციელებს Nord Stream 2 AG ერთადერთ აქციონერთან – „გაზპრომთან“ ერთად. ევროპელი პარტნიორები ― Royal Dutch Shell, OMV, Engie, Uniper და Wintershall მშენებლობას სანახევროდ, ანუ თითოეული 950 მლნ ევროთი აფინანსებენ.
აშშ აქტიურად ეწინააღმდეგება პროექტს და ევროკავშირს საკუთარ თხევად გაზს სთავაზობს. ასევე ეწინააღმდეგება უკრაინაც, რომელსაც რუსული საწვავის ტრანზიტის დაკარგვისა ეშინია. ეს ორი და კიდევ ევროპის ზოგი ქვეყანა პროექტს პოლიტიკურს უწოდებენ.
გასული წლის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა დაამტკიცა თავდაცვის ბიუჯეტი, რომელშიც შევიდა სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ. შედეგად – მშენებლობა შეჩერდა.
„გაზპრომში“ აცხადებდნენ, რომ დამოუკიდებლად შეუძლიათ გაზსადენის დასრულება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილსადენის გაყვანა დღეიდან შეიძლებოდა განახლებულიყო – მას შემდეგ, რაც დანიის მიერ გაცემული მშენებლობის ახალი უფლების გასაჩივრების ვადა ამოიწურებოდა.
“სპუტნიკ-ჯორჯია”