თვითდასაქმებულები, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს სრულად დოკუმენტაცია, ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ის თვითდასაქმებულები, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს სრულად დოკუმენტაცია, ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

გახარიას თქმით, უკვე დახმარება მიიღო 170 000-მა თვითდასაქმებულმა.

“ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ეს შეიძლება იყოს მძიმე და ხანგრძლივი კრიზისი. მთავრობა მისი მწირე ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაეხმაროს თითოეულ ქართულ ოჯახს. ჩვენ დღეს უნდა გავაგრძელოთ ამ ნაბიჯების გადადგმა.

თვითდასაქმებულების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ, ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობას მომართა 250 000-მა საქართველოს მოქალაქემ თხოვნით ერთჯერადი 300 ლარის დახმარებით. რა თქმა უნდა ეს დახმარება მიიღო ყველამ 170 000-მა მოქალაქემ, რომელსაც ჰქონდა დოკუმენტაცია შევსებული.

მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა იმ დარჩენილ 80 000-ს საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტების შევსების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს  300 ლარი ერთჯერად, დახმარების თვალსაზრისით.

ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების სოციალურ დახმარებას, ეს იქნება სამსახურის დაკარგვის, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაგრძელდება და გრძელდება შესაბამისი ვადებით. როგორც შედეგი, ჩვენ მეორე ეტაპს ვხურავთ იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, 250 000 ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე, სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხება,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

“კურიერი”