Facebook-ის თანამშრომლები დისტანციურად მუშაობას 2021 წლის ივლისამდე შეძლებენ

Facebook-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კომპანიის თანამშრომლები სახლებიდან მუშაობას კიდევ ერთი წელი შეძლებენ, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

„ჯანდაცვისა და სამთავრობო ექსპერტების მითითებების, ასევე, ჩვენი შიდა განხილვების საფუძველზე, თანამშრომლებს ნებას ვრთავთ, 2021 წლის ივლისამდე სახლებიდან იმუშავონ. გარდა ამისა, მათ დამატებით $1,000-ს ვაძლევთ, რომ საჭირო ნივთები შეიძინონ“ – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ Google-მაც მიიღო. კომპანიამ დისტანციური მუშაობის რეჟიმი 2021 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

“იმედინიუსი”