„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მაჟორიტარად ზურა ჯაფარიძის კანდიდატურას უჭერს მხარს და აცხადებს, რომ “ევროპული საქართველო” მზად არის ამ საკითხზე ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის“.
ამის შესახებ გიგი უგულავა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე წერს.
„საინტერესო და განსხვავებული ორთაბძოლა იქნება დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში. ცეკას ინსტრუქტორი „ოცნებიდან“ გია ვოლსკი და ზურა ჯაფარიძე. „ევროპული საქართველო“ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩავერთოთ „დესოვიეტიზაციის“ კამპანიაში. დიხ, ზუსტად ასე იქნება, დიდუბე-ჩუღურეთში დამარცხდება მენტალურად საბჭოთა და გეოპოლიტიკურად რუსული მმართველობა. ჩვენ მზად ვართ ზურასთან ერთად ჩვენს კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციისთვის, რომ სწორედ ზურა იყოს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე – წარმატება და გამარჯვება შენ“, – წერს გიგი უგულავა.
პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ჯაფარიძის განმარტებით, „გირჩმა“ მაჟორიტარულ არჩევნებში ჩართვის გადაწყვეტილება თბილისის 6 ოქლის გარდა, სხვა ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესის გართულების გამო მიიღო.
“აიპრესი”