რა შემთხვევაში შეიძლება, საქართველოზე იქნას დამიზნებული და გამოყენებული რუსული ბირთვული რაკეტა?

ღმერთმა ნუ ქნას და მადლობა მას, რომ ამ საშინელების შესაძლებლობა ჯერ-ჯერობით მცირეა, მაგრამ უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველაფერია განსახილველი, მათ შორის, ასეთი საშინელი სცენარიც.

როგორც ყოველთვის, ქართულ მასმედიაში უმნიშვნელო თემებთან დაკავშირებით არის ატეხილი გნიასი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ხასიათის საკითხები კი მიჩქმალულია. სამწუხაროდ, ასეთი საკითხები ცოტა ვინმეს თუ აინტერესებს, თუმცა ჩვენი, როგორც მასობრივი ინფორმაციის ალტერნატიული საშუალების, პირდაპირი ვალია, ეს სიცარიელე შევავსოთ და ხალხის ინფორმირება მოვახდინოთ.

საუბარი გვაქვს უნიკალურ დოკუმენტზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ამა წლის 2 ივნისს გამოაქვეყნა – „ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები“. ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საბჭოთა კავშირის და, მისი დაშლის შემდგომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება, ამ ტიპის დოკუმენტს საჯაროს ხდის. „საფუძვლებში“ გადმოცემულია რუსეთის ხელისუფლების პოზიცია ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში ბირთვული იარაღის ადგილთან და როლთან დაკავშირებით.

რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლეს პრიორიტეტად აცხადებს ბირთვული შეკავების, როგორც სტრატეგიული შეკავების საფუძვლის უზრუნველყოფას. რუსი ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დოკუმენტის შემუშავება და გამოქვეყნება გამოწვეულია შეერთებული შტატების მიერ წარმოებული კონფრონტაციული საგარეო კურსით, როდესაც ხდება გამალებული შეიარაღების წახალისება და ადგილი აქვს მცდელობას, რუსეთიც იქნას ჩათრეული გამალებული შეიარაღების განახლებულ პროცესში.  „ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები“ მოწოდებულია, აუხსნას შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, რუსეთის ყველა პოტენციურ მოწინააღმდეგეს, თუ სად და რა პირობებით გადის რუსეთისათვის ე. წ. წითელი ხაზები, რომელთა გადალახვის შემთხვევაში რუსეთი თავს იძულებულად იგრძნობს, გამოაცხადოს ომი და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გამოიყენოს ბირთვული იარაღი.

რიგი დასავლელი ექსპერტებისა აღნიშნავს, რომ რუსეთის სტრატეგიულ დოკუმენტში ბირთვული იარაღის გამოყენების წინაპირობების ზღვარი აშკარად დაწეულია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთისთვის უფრო ნაკლები მიზეზია იმისათვის საჭირო, რომ გამოიყენოს ბირთვული იარაღი, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.

ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობის ამ ერთგვარ გამარტივებასთან დაკავშირებით, რუსი სპეციალისტები განმარტავენ, რომ შეერთებული შტატების სტრატეგიამ მოსკოვს სხვა გზა არ დაუტოვა. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ „ბირთვული პოლიტიკის მიმოხილვაში“,  ცივი ომის დასრულებიდან პირველად, რუსეთი გამოცხადებულია ამერიკის სამხედრო-სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ, დოკუმენტში ასევე დაფიქსირებულია ბირთვული იარაღის გამოყენების პრევენციული შესაძლებლობა.

რუსეთი არ აპირებს, ჩაერთოს გამალებულ შეიარაღებაში, შეეჯიბროს ამერიკას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ამა თუ იმ შეიარაღების რაოდენობრივი მაჩვენებლებით; ძირითადი აქცენტი კეთდება ბირთვულ იარაღზე და მისი გამოყენების ეფექტურობაზე. რუსეთისთვის შეიარაღების რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი ხარისხი და ეფექტურობაა.

თავისი ახალი სტრატეგიით, რუსეთი, ფაქტობრივად, უაზრობად აქცევს ამერიკელების სტრატეგიას, მიმართულს ბირთვულ შეიარაღებებში ბალანსის დარღვევისაკენ. ასევე ნაკლებად გამოადგება დასავლეთს რუსეთთან ჯამური უპირატესობა სტრატეგიული არაბირთვული შეიარაღებებისა და საერთო დანიშნულების ძალების ფლობაში. „საფუძვლების“ თანახმად, რუსეთი ბირთვულ პასუხს გასცემს „ნებისმიერ აგრესიას“ თავისი და თავისი მოკავშირეების მიმართ. სულ ერთია, თავდამსხმელი ერთი სახელმწიფო იქნება თუ სახელმწიფოთა კოალიცია – რუსეთის პასუხი მაქსიმალური და გამანადგურებელი იქნება, რათა, კოალიციას თეორიული „გამარჯვება“ იმდენად ძვირად დაუჯდეს, რომ იგი უაზრობად იქცეს.

რაც ჩვენთვის, საქართველოსთვის, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: დოკუმენტში გამოყოფილია რუსეთის მოწინააღმდეგე ქვეყნების ორი ჯგუფი: პირველ ჯგუფში მოიაზრებიან ის ქვეყნები, რომლებიც უშუალოდ განახორციელებენ აგრესიას თავიანთი შეიარაღებული ძალების საშუალებით; მეორე ჯგუფს კი ის ქვეყნები განეკუთვნებიან, რომელთა ტერიტორიაზე დამატებით იქნება განლაგებული აგრესორის სტრატეგიული შემტევი შეიარაღებები და სხვა საშუალებები. რუსეთის სტრატეგიული დოკუმენტი აფრთხილებს ასეთი ქვეყნების ხელმძღვანელობას, რომ რუსეთის საწინააღმდეგო კოალიციაში ყოფნა მათთვის ძალიან წამგებიანი (რბილად რომ ვთქვათ) იქნება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული სტრატეგიული შეიარაღებების განთავსება (რაზეც ასე ოცნებობს ადგილობრივი პოლიტიკური სპექტრის არც თუ ისე მცირე ნაწილი!) მოასწავებს იმას, რომ რუსული ბირთვულქობინებიანი რაკეტები დამიზნებული იქნება საქართველოზე და მცირე კონფლიქტის შემთხვევაშიც კი, იარსებებს ამ რეკეტების ჩვენი მიმართულებით გასროლის შესაძლებლობა!

აი რა შემთხვევებში განახორციელებს რუსეთი ბირთვულ შეტევას (სწორედ დოკუმენტის ეს ნაწილია ყველაზე საინტერესო, რადგან იგი ქვეყნდება საჯარო სივრცეში პირველად):

ეს შემთხვევაა რუსული მხარისთვის დამაჯერებელი ინფორმაციის მიღება, რომ რუსეთის ან რუსეთის მოკავშირეების (!) მიმართულებით სტარტი მიეცათ უცხოურ ბალისტიკურ რაკეტებს. სტარტის ფაქტი დაფიქსირებული იქნება სარაკეტო თავდასხმის შესახებ შეტყობინების სისტემის მიერ. ამასთან, არ ექნება მნიშვნელობა იმას, რაკეტა ბირთვული ქობინით არის შემკული, თუ არა; რუსეთის რეაქცია იქნება ისეთი, რომ მოწინააღმდეგის რაკეტა ბირთვულია – შესაბამისად, საპასუხოდ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სტარტს ავტომატურად მისცემს ბირთვულქობინიან რაკეტებს.

კონკრეტულად თუ როდის, სად და რა რაოდენობის რაკეტებით გასცემს რუსეთი პასუხს თავის მოწინააღმდეგეებს, გადაწყდება რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების მიერ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე. ნებისმიერ შემთხვევაში, ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რომ საქართველო ჩათრეულ იქნას ნატოში და ოდესმე ჩვენს ტერიტორიაზე ნატოს შეიარაღებები განთავსდეს.