დონორი სახელმწიფოები ლიბანის დასახმარებლად 253 მლნ-ს გამოყოფენ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დონორი სახელმწიფოები აფეთქების შედეგად დაზარალებული ლიბანის დასახმარებლად 253 მილიონი ევროს ოდენობით დახმარების პაკეტს გამოყოფენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.

მაკრონის ინიციატივით ლიბანის დასახმარებლად დღეს ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო მეთაურები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეები საბოლოოდ დახმარების პაკეტის გამოყოფაზე შეთანხმდნენ, რომელიც სამედიცინო დახმარებას, საავადმყოფოებისა და სკოლების გამართულ მუშაობას და დაზარალებულთა დახმარებას მოხმარდება.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ტრაგედიის მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.

ლიბანის დედაქალაქში მომხდარი მასშტაბური აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 220-ს შეადგენს, ხოლო 110 ადამიანზე მეტი ამ დრომდე უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება. აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 6,000-ს აჭარბებს.

წყარო: report.ge