შაქარაშვილის მკვლელობისთვის 5 პირს ბრალი წაუყენეს

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე “ტოიოტა ქამრის” 5 მგზავრის ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

 

რეპორტ.ჯი