სოხუმის “დინამოს” ქალთა საფეხბურთო გუნდის ფანტასტიური დებიუტი

სტარტი აიღო საქართველოს ქალთა ლიგის მორიგმა ჩემპიონატმა ფეხბურთში, რომელშიც პირველად არსებობის მანძილზე,  მონაწილეობას იღებს სოხუმის ,,დინამოს,, ქალთა საფეხბურთო კლუბი.

 

სოხუმელებმა საკუთარ მოედანზე ახმეტის ,,თუშეთს,, უმასპინძლეს. ინტერესი მატჩის გარშემო საკმაოდ დიდი გამოდგა. მასპინძლებს ტრიბუნიდან ამხნევებდა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო მალანია.

ერთი ფაქტორიც უნდა აღინიშნოს – დინამოელთა ხელმძღვანელობამ საკმაოდ მაღალი დონის პირდაპირი რეპორტაჟის ორგანიზება შეძლო სოციალურ ქსელში.

ერთი სიტყვით დავით თაქთაქიშვილის შეგირდები დასაწყისიდანვე სერიოზულად მიუდგნენ სტუმრებს და უკვე მე-2 წუთზე კევლიშვილმა ახმეტელთა კარი აიღო. მე-13 წუთზე კი კულდონაშვილმა დალაშქრა  სტუმართა კარი და მომავალში უკვე დუბლიც გაიფორმა. დუბლი მიითვალეს საკუთარ ანგარიშზე ჩანგელიამ და გაზდელიანმა. ახობაძემ კი კევლიშვილის დარად ერთხელ დალაშქრა მეტოქის ბადე.

ერთი სიტყვით, სოხუმის ,,დინამოს,, ქალთა გუნდის ისტორიული დებიუტი შედგა – 8:0 და პირველი 3 ქულა. თუ როგორ აღწევს აფხაზური გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში რიგ წარმატებას, მომავალში გავიგებთ, როდესაც რედაქცია გუნდის მთავარ მწვრთნელს დავით თაქთაქიშვილს უმასპინძლებს.

ბექა კვიციანი