მსგავსი ტიპის საქმე სამი ნაწილისგან შედგება დანაშაულის დაკვეთა, შესრულება და დაფარვა – რას ამბობს ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმეზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ მკვლელობას, გიორგი შაქარაშვილის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ხუხაშვილის აზრით, საქმე სრულად გახსნილად ჯერჯერობით ვერ ჩაითვლება. მისივე ვარაუდით, შაქარაშვილის საქმეში დანაშაულის დაფარვის მცდელობა აშკარად ჩანდა, მათ შორის სისტემის მხრიდან.

“შაქარაშვილის ტრაგედიის ტიპის საქმეები სამი კომპონენტისგან შედგება – დანაშაულის დაკვეთა, შესრულება და დაფარვა. გირგვლიანის საქმეში ხელისუფლებას ჰქონდა ილუზია, რომ შემსრულებლებს დროებით გადაუგდებდა საზოგადოებას და ამით გადააგორებდა თემას. დამკვეთი და დამფარავი კი მშრალად გამოძვრებოდა.

როგორც ისტორიამ აჩვენა, ეს ასე არ მოხდა. არც ახლა მოხდება ასე!

1. იმის ილუზია არავის აქვს, რომ კუნთმაგარი და ჭკუათხელი ბიჭები თვითონ შეიკრიბენ. მათ ვიღაც მათთვის ავტორიტეტული უწევდა კოორდინაციას. ამ პერსონის დადგენა არ უნდა იყოს ძნელი, თუ ამის ნება არსებობს.

2. პირველ ეტაპზე აშკარად ჩანდა დანაშაულის დაფარვის მცდელობა, მათ შორის სისტემის მხრიდან, თუნდაც ეს ქვედა დონეზე ყოფილიყო. რომ არა საზოგადოების და მედიის აქტიურობა, შეიძლებოდა ეს გამოსვლოდათ კიდეც.

ამ ორი კომპონენტის სათანადოდ გამოძიების გარეშე, საქმე ვერ ჩაითვლება სრულად გახსნილად, შესაბამისი განვითარებით.

პირველი ნაბიჯი გადაიდგა და ეს კარგია. ახლა მეორე და მესამე უნდა გადაიდგას,”- წერს ხუხაშვილი.

წყარო: cyc.ge