ბელარუსის ქალაქების ქუჩებში წუხელ შეკრებილ ასობით დემონსტრანტსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა

ბელარუსის ქალაქების ქუჩებში წუხელ შეკრებილ ასობით დემონსტრანტსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, პოლიციამ საპროტესტო აქციების დასაშლელად მანათობელი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

წუხელ სამართალდამცავებმა მინსკსა და სხვა ქალაქებში ათობით ადამიანი დააკავეს, მათ შორის ისინიც, რომლებმაც იმ ადგილზე, სადაც წინა დღით აქციის მონაწილე გარდაიცვალა, ყვავილები მიიტანეს.

გუშინ, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2 დღის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით 2000-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, დაშავებულია 21 პოლიციელი, აქედან 5 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჯანდაცვის სამსახურების ცნობით კი საავადმყოფოებში, საერთო ჯამში, საპროტესტო აქციების დროს დააშავებული 200-ზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ზოგიერთ მათგანს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

“აიპიენი”