როგორ მოახერხა სასტუმრო „გრანდ გლორიამ” პანდემიის ფონზე 90%-იანი დატვირთვით მუშაობა?

სასტუმრო „გრანდ გლორია“, რომელიც ბათუმში 2018 წლიდან ოპერირებს, ტურიზმის სექტორში ალბათ ერთ-ერთი წარმატებული შემთხვევაა, – ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს მმართველი კომპანია „გლორიას“ მარკეტინგის ჯგუფის მენეჯერმა დიმიტრი მოდრეკელიძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, გასული წლების განმავლობაში სასტუმრო მხოლოდ უცხოელ ტურისტებს მასპიძლობდა, შესაბამისად უცხოურ ბაზრებზე იყო ორიენტირებული, პანდემიის გამო კი ქვეყნების საზღვრების ჩაკეტვამ მენეჯმენტი იძულებული გახადა სწრაფად მორგებოდნენ ახალ რეალობას და თავისი ორიენტირი ადგილობრივ ბაზარსა და დამსვენებელზე გადაეტანათ.

„ძალიან სწრაფად აღვიქვით, რომ უნდა მოვრგებოდით ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს, აქედან გამომდინარე დღეს  ბაზარზე არსებული ახალი სტანდარტული ფასებით ვოპერირებთ. წინა წელთან შედარებით, როდესაც სერვისს უცხოურ ბაზრებზე ვყიდიდით, განთავსებისა და სერვისების ღირებულება ჩვენთან მნიშვნელოვნად შემცირებულია“, – განაცხადა სასტუმროს მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა.

დიმიტრი მოდრეკელიძე განმარტავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე სასტუმროს ცნობადობის გაზრდა და მომხმარებლის მიზიდვა კომპანიამ აქციებისა და რეკლამის საშუალებით შეძლო.

„გვქონდა აქცია, როდესაც ნომრის დაჯავშნის შემთხვევაში მომხმარებელი 2 ადამიანზე 1 კვირის განმავლობაში ორჯერადი კვებით 600 ლარს იხდიდა, რაც წარმოუდგენლად დაბალი ფასია. შემდეგ იყო 65%-იანი ფასდაკლება; ასევე განსაკუთრებული შეთავაზებები გვქონდა კორპორატიული კლიენტებისთვის.

ამ პერიოდში Tripadvisor-ზე ჩვენი პოზიციები გავაუმჯობესეთ მე-8 ადგილზე ავიწიეთ, იმის გათვალისწინებით, რომ არ ვიყენებთ სარეკლამო არხებს ამ პლატფორმაზე“, – განმარტა სასტუმროს მმართველი კომპანია „გლორიას“ მარკეტინგის ჯგუფის მენეჯერმა.

მისი თქმით, სწორი მენეჯმენტისა და სწორი ფასთა პოლიტიკის გამო „გრანდ გლორიას“ გახსნის შემდეგ მაღალი დატვირთვა აქვს.

„გახსნის პერიოდისთვის ჩვენი სასტუმროს დატვირთვა მინიმუმ 70% იყო, თუმცა მიმდინარე პერიოდში სასტუმრო 90%-ის ფარგლებშია დაკავებული“, – აღნიშნა მან.

როგორც სასტუმრო „გრანდ გლორიას“ მმართველი კომპანია „გლორიას“ მარკეტინგის ჯგუფის მენეჯერი ამბობს, საზღვრების გახსნის შემთხვევაში ინტერესი საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან ბათუმის სასტუმრო „ გრანდ გლორიას“ მიმართ დიდი იქნება.

სასტუმრო „გრანდ გლორია“ 5 ვარსკვლავიანი რეზორტის სტილის სასტუმროა განთავსების 167 ნომრით, რომელიც 170-მდე ადამიანს ასაქმებს.

“ბი.ემ.ჯი”