დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეიცვალა, რის შედეგადაც გარდაცვლილთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით სიკვდილიანობის აღრიცხვის მეთოდი შეცვალა. აღნიშნული ცვლილების შედეგად, დიდ ბრიტანეთში კორინავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 377 ადამიანით შემცირდა (46 706-დან 41 329-მდე).

ახალი მეთოდის თანახმად, ამიერიდან სიკვდილიანობის სტატისტიკაში მხოლოდ ის ფატალური შემთხვევები მოხვდება, რომელსაც ადგილი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებიდან 28 დღის განმავლობაში.

17 ივლისს, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეტ ჰენკოკმა აღრიცხვის არსებული მეთოდის გადახედვის განკარგულება მას შემდეგ გასცა, რაც დამამტკიცებელი მედიცინის ოქსფორდის ცენტრის ექსპერტებმა ვარაუდი გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემები, შესაძლოა, გადაჭარბებული იყოს.

ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ უწყების სტატისტიკაში იმ ხალხის გარდაცვალების შემთხვევები ხვდებოდა, რომლებსაც ოდესმე კორონავირუსი დაუდასტურდა, თუნდაც სიკვდილის მიზეზი სხვა რამე ყოფილიყო და ინფიცირებიდან დიდი დრო გასულიყო. აღნიშნული პრობლემა ძირითადად ინგლისს ეხებოდა, ხოლო ქვეყნის სხვა რეგიონებში ე.წ. 28 დღის წესი უკვე მოქმედებდა.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილიდან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

 

“იმედინიუსი”