კომპიუტერულ ანიმაციად გარდაქმნილი Avatar: The Last Airbender ყოვლად წარმოუდგენელია.

 

ყველასთვის საყვარელი ანიმაციური სერიალის პრემიერა 2005 წელს შედგა Nickelodeon-ზე და თავისი შთამბეჭდავი სამყაროსა და კომპლექსური პერსონაჟების მეშვეობით მაყურებელთა გულები მალევე დაიპყრო. ავატარის ანიმაცია სამი სეზონის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი, 2010 წელს, გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი The Last Airbender, რომელსაც ახალი ფრენჩაიზის დაწყების იმედები ჰქონდა. სამწუხაროდ, ფილმი სრული კრახი გამოდგა.

The Last Airbender-ის ცუდი გამოხმაურებების მიუხედავად, ავატარის გაცოცხლება კვლავ იგეგმება. ამჯერად პროექტზე Netflix მუშაობს და ის სატელევიზიო სერიალადაა ჩაფიქრებული. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსდა, დღემდე ძალიან ცოტა სიახლეა მის შესახებ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შოუს შექმნაში ავატარის ორიგინალი ანიმაციის ავტორები მაიკლ დანტე დიმარტინო და ბრაიან კონიეცკოც არიან ჩართულები. ავატარის ზუკოს გამხმოვანებელმა დანტე ბასკომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ის სერიალის პროდიუსერებს ესაუბრა, რაც ფანებს იმის იმედს აძლევს, რომ, შესაძლოა, ის როგორღაც ჩაერთოს შოუში.

ფოტო: Netflix

სანამ ფანები ნეტფლიქსის სერიალის მოლოდინში არიან, ბევრმა მათგანმა საკმაოდ კრეატიულად გამოხატა შოუსადმი საკუთარი სიყვარული. ჯეიკობ ი. მანმა, რომელიც 2017 წლის მოკლემეტრაჟიანი Extinguished-ის ერთ-ერთი რეჟისორია, ახალი ვიდეო შემოგვთავაზა. ამ ვიდეოში ავატარის ინტრო გაცოცხლებულია კომპიუტერული 3D ანიმაციით, რომელშიც აანგი საკუთარ მოძრაობებს ახალ სტილში გვაჩვენებს. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს სტილი ავატარს ძალიან მოერგო. იხილეთ ვიდეო:

სტიქიების მაგია ავატარის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და ის ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ანიმაციის ფორმატი შოუს ძალიან შეეფერება. The Last Airbender-ის მრავალი მინუსიდან ერთ-ერთი ის იყო, რომ ფილმში სტიქიების მაგიის განსხვავებული სტილები უნიკალური, ვიზუალურად საინტერესო გზებით არ გამოჩნდა. ეს ერთ-ერთი რამაა, რაც ნეტფლიქსის ავატარმა უნდა გაითვალისწინოს; თუკი მაგია კარგად არ წარმოჩინდა, ფანები უკმაყოფილოები დარჩებიან. როგორც არ უნდა ველოდეთ ავატარის ახალ სერიალს, რთულია იმის უარყოფა, რომ კომპიუტერულად ანიმირებული ავატარიც არანაკლებ გასაოცარი იქნებოდა, როგორც ამ ვიდეოდან შეგვიძლია დავასკვნათ.

ავატარის სამყარო ძალიან ვრცელი და გასაოცარია, მაყურებელს კი ერთი სული აქვს, იხილოს, როგორ მოახერხებს Netflix მის გაცოცხლებას. იმედია, ისინი შეძლებენ ანიმაციურ სერიალში არსებული ენერგიულობისა და სიხალასის შენარჩუნებას. სხვა თუ არაფერი, ისიც კარგი იქნება, ახალი სერიალი თუThe Last Airbender-ს მაინც აჯობებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ავატარი დღემდე ბავშვების ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სერიალია და, ალბათ, მომავალში მისით შთაგონებულ კიდევ არაერთ ქმნილებას ვიხილავთ.