პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ

პროტესტის ნიშნად, ბელარუსი ტელეწამყვანები სახელმწიფო ტელეარხებს ტოვებენ. კერძოდ, სახელმწიფო ტელეარხები „ბელარუს 1“ და „ონტ“ ხუთმა ტელეწამყვანმა დატოვა.

„ცოტანი ვართ, მაგრამ ვართ“, – დაწერა ტელეარხ „ონტ“-ს ტელეწამყვანმა, ოლგა ბოგატირევიჩმა სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“.

„რა დაემართა ჩემს ბელარუსს? 2009 წლიდან ვმუშაობ ტელევიზიაში. გადავწყვიტე, რომ ჩემი დღევანდელი ეთერი ტელეარხ „ბელარუს 1“-ზე ბოლო იქნება“, – დაწერა ევგენი პერლინმა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქვეყნის საპრეზიდენტო აჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80.23%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას – 9.9%-მა.

ბელარუსში სამართალდამცველებმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქუჩაში გასული დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს ჰქონდა ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციის ერთი მონაწილე დაიღუპა.

 

“იმედინიუსი”