უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.
ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებული ქათმის გაყინული ფრთებით ადამიანების კორონავირუსით ინფიცირების ფაქტები ამ ეტაპზე არ დასტურდება, იუწყება პირველი არხი.
სააგენტო „როიტერმა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩინეთში ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსი აღმოჩნდა.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში (სეს–ი) განმარტეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთში შესაბამისმა სამსახურებმა ყველა ის პირი გამოიკვლია, რომლებსაც, შესაძლოა, გაყინული ქათმის აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა.
„სურსათის ეროვნული სააგენტო ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებთან და მუდმივად იღებს განახლებულ ინფორმაციებს“, – აცხადებენ უწყებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოს ბრალიზილიიდან ქათმის ხორცის იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შეტყობინება არ მიუღია.
საქართველოში სურსათის იმპორტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ აღიარებული საწარმოებიდან, ასევე, იმ საწარმოებიდან, რომლებშიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ჩატარებული აქვს ინსპექტირება და რომლებიც აკმაყოფილებენ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, განმარტავენ სააგენტოში.
“სპუტნიკი”