ევროპაში 5G-ის მოწინააღმდეგეებისთვის სპეციალურ სახლს ააშენებენ

ევროპაში, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰელმონდში ააშენებენ სახლს, რომელშიც ელექტრომაგნიტური გამოსხივება დაბლოკილი იქნება. ამ სახლს ააშენებენ მგრძნობიარე ადამიანებისთვის, რომელთაც 5G-ის გავლენით, თავის ტკივილი და უძილობა ეწყებათ. ამის შესახებ Innovation Origins წერს.

სახლი „ჭკვიან უბანში“ ბრეინპორტში აშენდება. პროექტის ავტორები არიან ეინდჰოვენის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები. მათ შეიმუშავეს კონსტრუქცია, რომელიც სატესტო იქნება.

„ჩვენ არ ვიკვლევთ 5G-ის გავლენას ადამიანებზე, ამას აკეთებენ ექიმები“, – აცხადებენ პროექტის ავტორები.

ევროპის სოციალურ-ეკონომიკური კომიტეტის განცხადებით, ევროპაში მოსახლეობის 3-5% ელექტრომაგნიტური გამოსხივების მიმართ მგრძნობიარეა. ეს დაახლოებით 13 მილიონი ადამიანია. თუმცა ჯერ ექიმების მიერ დადგენილი არაა, რომ 5G-ი ან ზოგადად ელექტრომაგნიტური გამოსხივება თავის ტკივილსა და უძილობას იწვევს.

 

“იმედინიუსი”