მესტიაში გამოკვლეული 500 პირიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა

მესტიაში გამოკვლეული 500 პირიდან ახალი კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, 500-მდე ტესტი გუშინ გადააგზავნეს, საიდანაც ახალ კორონავირუსზე ყველა უარყოფითი იყო. ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს მესტიის მუნიციპალიტეტიდან გამოსაკვლევად კიდევ 358 ნიმუში გადაიგზავნა.

შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კერძოდ, საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი, მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. გარდა ამისა, დამატებითი რეგულაციები, საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას.

 

“ინტერპრესნიუსი”