ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს უნდა გაესაუბროს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„უნდა დავუკავშირდე პუტინს და ამ საკითხზე ვესაუბრო. ეს საფრთხე მხოლოდ ბელარუსს არ ემუქრება. დღეს ბელარუსის დაცვა მთელი ჩვენი სივრცის, ერთიან სახელმწიფოს. თუ ჩვენი ხალხი ამას ვერ გაუმკლავდება, ეს ტალღა რუსეთამდე ჩავა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, ბელარუსში მოვლენები „ფერადი რევოლუციების“ სცენარით ვითარდება. ლუკაშენკოს განცხადებით, „შეინიშნება უცხო ქვეყნების ჩარევის ელემენტები“.
ბელარუსის ცესკოს საბოლოო მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.10% მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10.12%.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს აქვს ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.
“იმედინიუსი”