„საქართველოში ყველა პირობაა ნუშის კულტურის განვითარებისთვის”, – ამის შესახებ ებრაული კომპანია „ბარ ლევ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, აჰარონ გაგულაშვილმა განაცხადა, რომელმაც სახელმწიფოს მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში, 6 ჰექტარზე ექვსი ჯიშის ნუშის ბაღი 2018 წელს გააშენა.
“ვფიქრობ, საქართველო მსოფლიო ბაზარზე აღნიშნული კულტურის მსხვილი ექსპორტიორი გახდება“, – განაცხადა აჰარონ გაგულაშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ნუშის ბაღი დარგვიდან მეორე წელს, მხოლოდ სასიგნალო ნაყოფს ისხამს. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებულ ბაღში ნუშის ესპანური ავიხოსის ჯიში (ქლიავის საძირეზე დამყნობილი სუსტი ნუში) ის გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც დარგვიდან მეორე წელს უხვი ნაყოფი გამოიღო.
„პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოში, თანამდეროვე ბაღები, რომლის ღირებულებაც 100 მლნ დოლარს აღემატება, დაახლოებით, 10 000 ჰა-მდე ფართობზე გაშენდა, ეს არის დამატებითი ღირებულება, რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობაში შევქმენით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაღები, ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში, მეტი საექსპორტო პროდუქტის წარმოების საშუალებას მოგვცემს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ათობით მილიონი დოლარის შემოსავალია. ეს გახლავთ ჩვენი სწორი მუშაობის შედეგი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც „ბარ ლევ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, აჰარონ გაგულაშვილმა აღნიშნა, მისთვის, როგორც ინვესტორისთვის, ნუშის ბაღის გაშენებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა მნიშვნელოვანი წახალისება იყო.