ჟოზეპ ბორელი: ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს

უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს.

 

„ევროკავშირი ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობს. იწყება მუშაობა, რათა სანქციები დაუწესდეს მათ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და გაყალბებაზე“, – დაწერა ჟოზეპ ბორელმა Twitter-ზე.

ბელარუსის ცესკოს საბოლოო მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.10% მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ – 10.12%.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებს აქვს ადგილი. საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ათასი ადამიანი დააკავეს. შსს-ს განცხადებით, მინსკში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა.

“იმედი”