ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.
“2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლიდან სკოლებსა და ბაღებში მასწავლებელთა შრომითი ანაზღაურების ზრდის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასული წლის სექტემბერში განაცხადა. გადაწყვეტილების შესაბამისად, დედაქალაქის მერთან ერთად, წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს” – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.
მისივე თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20%-მდე მოიმატებს. კერძოდ, საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორის ანაზღაურება იზრდება 15%-ით, სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის – 10%-ით, ჯანმრთელობისა და ჰიგიენური უზრუნველყოფის კოორდინატორის – 10%-ით, აღმზრდელის – 20%-ით, აღმზრდელის თანაშემწის – 20%-ით, მუსიკის პედაგოგის – 10%-ით, ცეკვის პედაგოგის – 10%-ით, მზარეულის – 10%-ით, მზარეულის დამხმარის – 10%-ით, დარაჯის/დაცვის – 15%-ით, დამლაგებლის – 10%-ით, მრეცხავის – 10%-ით, საქმის მწარმოებლის – 10%-ით, სპეციალური პედაგოგის – 20%-ით, ფსიქოლოგის – 10%-ით, ლოგოპედის – 10%-ით, ბიბლიოთეკარის – 15%-ით, მუშის – 15%-ით, მებაღის – 15%-ით, მეეზოვის – 15%-ით, დირექტორის – 10%-ით, დირექტორის მოადგილის – კი 10%-ით.
კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 086 773 ლარით გაიზრდება.
წყარო: exclusivenews.ge