ასეთი მართალი კაცის სიტყვას უფრო ენდობოდა მოწინააღმდეგე მხარე – პანტელეიმონ გიორგაძის გახსენება

გენერალი პანტელეიმონ გიორგაძე გამორჩეული პიროვნებაა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩემგან, როგორც იმ ადამიანისგან, ვინც პირადად არ იცნობდა ბატონ პანტელეიმონს, უფრო ობიექტური იქნება მისი ნამოღვაწარის შეფასება.

ბატონი პანტელეიმონი დამამახსოვრდა 1992 თუ 1993 წლის ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლით, რომელშიც იგი ემოციურად და თან ფაქტების ზედმიწევნით ცოდნით, აღწერდა იმ უბედურებებს, რაც ქვეყნის თავდაცვის სისტემაში ხდებოდა – საბჭოთა კავშირის დანატოვარის გაყიდვა-განიავება, სრული გულგრილობა და არაკომპეტენტურობა… მაშინ მივხვდი, რომ თუკი ამ პატივცემულ სამხედრო ადამიანს ხელისუფლებაში ყური არ ათხოვეს და არ დაუჯერეს, აფხაზეთის ომი წაგებულია. სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

მაშინ, 90-იან წლებში, ისეთი სულისკვეთება სუფევდა, რომ იდეური კომუნისტის აზრი, როგორიც ბატონი პანტელეიმონი ბრძანდებოდა, აპრიორი მიუღებელი იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის – მაშინ ხომ ახალი შემოსული იყო ჩვენში დასავლეთი, მიუხედავად საშინლად გაუარესებული ცხოვრებისეული პირობებისა, ქვეყნის ნგრევისა და ეკონომიკური კოლაფსისა, ხალხს მაინც სჯეროდა ახალი ცხოვრების, ნათელი მომავლის, რომ ამ რთულ პერიოდს აუცილებლად მოჰყვება გაუმჯობესება. ამ თვალსაზრისით, ბატონ პანტელეიმონს არ გაუმართლა, რომ პოლიტიკური მოღვაწეობის დაწყება მას სწორედ აღნიშნულ ხანაში მოუწია.

თუმცა, გენერალმა თავისი წონიანი სიტყვა პოლიტიკაშიც თქვა. ისე შეეშინდათ მისი ხელისუფლებაში მყოფთ, რომელნიც მას თავიდან “მარგინალად” მიიჩნევდნენ, რომ ყველა რესურსი გადაისროლეს და ყველა ღონე იხმარეს საიმისოდ, რათა არ დაეშვათ ერთიანი მემარცხენე ფრონტის არსებობა ბატონი პანტელეიმონის ხელმძღვანელობით.

გენერალი პანტელეიმონ გიორგაძე 1991–1992 წლებში საქართველოს სასაზღვრო ჯარების სარდალი, 1992–1993 წლებში კი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში  საქართველოს მხრიდან სამშვიდობო ძალების სარდალი გახლდათ. ბატონ პანტელეიმონს თავისი მცდელობა არ დაუკლია იმისათვის, რომ კონფლიქტი ქართველებსა და ოსებს შორის დაღმავალი გზით განვითარებულიყო და ეს მართლაც ასე მოხდა. კარგი იქნებოდა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას ბატონი პანტელეიმონი უფრო ფართო, პოლიტიკური ფუნქციებით აღეჭურვა კონფლიქტის მორიგების საკითხებში, ვინაიდან სწორედ ასეთი მართალი კაცის სიტყვას უფრო ენდობოდა მოწინააღმდეგე მხარე.

პანტელეიმონ გიორგაძე, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე, პირნათლად ემსახურა თავის დიდ სამშობლოს, რომელსაც სამხედრო ფიცი მისცა – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს, მაგრამ პარალელურად ამისა და, მით უმეტეს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ვალი მოიხადა საკუთარი ხალხის, მარადიული სამშობლოს – საქართველოს წინაშე.

დღეს, 17 აგვისტოს, ბატონი პანტელეიმონის დაბადების დღეა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი მართალი სული!

 

   გულბაათ რცხილაძე,

tvalsazrisi.ge