პრეზიდენტის პრეს–სამსახურმა გავრცელებული ხმები უარყო

ოპოზიციურმა ტელეარხმა განაცხადა, რომ მინსკში, რომელიც საპროტესტო ტალღამ მოიცვა, კვირას თბილისიდან სამთავრობო შემადგენლობით თვითმფრინავი გაფრინდა და რამდენიმე საათში უკან დაბრუნდა.

 საქართველოს პრეზიდენტის პრეს–სამსახურმა კატეგორიულად უარყო ჭორები, თითქოს სალომე ზურაბიშვილი კვირას რამდენიმე საათის განმავლობაში მინსკში იმყოფებოდა.

„საქართველოს პრეზიდენტს არათუ საქართველოს საზღვრები, თბილისიც კი არ დაუტოვებია“, განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურის თანამშრომელმა.

სხვადასხვა ჭორი სოციალურ ქსელებში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ოპოზიციურმა ტელეარხმა „მთავარი არხი“ განაცხადა, რომ ავიაკომპანია Georgia Airways–მა, რომლითაც, ჩვეულებრივ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სარგებლობს, შეასრულა სპეცრეისი თბილისი–მინსკი–თბილისი.

ერთ–ერთი ვერსიით, თბილისში მინსკიდან ჩამოიყვანეს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვაჟი ნიკოლაი. თუმცა ამ ვარაუდის რამე ოფიციალური დამადასტურებელი ამ დროისთვის არ არსებობს.

ოპოზიციური არხი აცხადებდა, რომ მინსკში ჩაფრენილი თვითმფრინავის ბორტზე რვა ადამიანი –  სავარაუდოდ, მთავრობის წევრი იმყოფებოდა.

თემა მაშინვე აიტაცეს ოპოზიციურმა პარტიებმა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა ხატია დეკანოიძემ და სალომე სამადაშვილმა განაცხადეს, რომ ხელისუფლებამ ოფიციალურად უნდა განმარტოს, ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე.

“სპუტნიკი”