რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, ტენდერი გამოცხადდა გორში, ანწუხელიძის ქუჩის მიმდებარედ 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, ახალციხეში, რუსთაველის ქ. N126-ის მიმდებარედ 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, გორის მუნიციპალიტეტის, სოფ. მეჯვრისხევის 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეღვრეკისი-ერგნეთში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობასა და ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე.
„სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები და საპირფარეშოები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოებიც. ყველა შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 56 საბავშვო ბაღის პროექტირება – მშენებლობა დაიწყო.
ფონდი ბაღების მშენებლობას საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ახორციელებს“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
წყარო: interpressnews.ge