ანგელა მერკელი ბელარუსის საკითხზე ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებას გეგმავს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბელარუსის საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას გეგმავს.

 

ამის შესახებ ანგელა მერკელმა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.

ამავე მოლაპარაკების დროს მერკელმა მადლობა უთხრა ლიეტუვის ლიდერს, ბელარუსის პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ სვეტლანა ტიხანოვსკაიასთვის გაწეული დახმარებისთვის.

„ანგელა მერკელმა მიაწოდა ინფორმაცია ლიეტუველ კოლეგას, რომ 18 აგვისტოს დილით ის გეგმავს სატელეფონო საუბარს ვლადიმირ პუტინთან. ახლა კი ბერლინი დიპლომატიური არხებით ასევე ცდილობს, დაუკავშირდეს ალექსანდრ ლუკაშენკოს, რათა არსებული ვითარება დარეგულირდეს“, – ნათქვამია ლიეტუვის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მანამდე ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას კვირას, 16 აგვისტოს დაურეკა მერკელმა. თუმცა, გერმანიის კანცლერის პრესსამსახურში ეს ინფორმაცია უარყვეს.

“1არხი”