ბიზნესს სესხებზე მოთხოვნის შემცირებას, ხოლო საცალო სესხებზე პირიქით, მოთხოვნის ზრდას ელოდებიან

ივნისში, მარტთან შედარებით, საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა შემცირდა და გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.9% შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი 2.5 პპ-ით შემცირდა და 9.0% შეადგინა, ხოლო იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდის ტემპი კი 4.1 პპ-ით შემცირდა, 19.5%-მდე.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, კერძოდ, ოდნავ შემცირდა სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, გადამამუშავებელი მრეწველობის მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორების დაკრედიტება.

საკრედიტო პირობების კვლევის მიხედვით, მომდევნო კვარტალში საბანკო სექტორის წარმომადგენლები ბიზნესს სესხებზე მოთხოვნის შემცირებას, ხოლო საცალო სესხებზე – მოთხოვნის ზრდას ელოდებიან.

ვალუტების ჭრილში საგულისხმოა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების წლიური ზრდის ტემპი შემცირდა, საკრედიტო პორტფელის ზრდა, გარკვეულწილად, კვლავ ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდით იყო განპირობებული.

ივნისში უცხოური ვალუტით დენომინირებული პორტფელის წლიური ზრდის ტემპი მცირედით შემცირდა და 11.5% შეადგინა, ხოლო ლარის პორტფელის ზრდის ტემპი 7.2 პპ-ით შემცირდა და 17.1% იყო.

მეორე კვარტალში სესხების ლარიზაციის მაჩვენებელი გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით მცირედით გაიზარდა და 42.9% შეადგინა.

სებ-ის განმარტებით, მოსალოდნელია, რომ ლარიზაციის ზრდის პროცესი მომავალში კვლავ გაგრძელდება. ლარიზაციის ზრდა ფინანსური სტაბილურობის რისკების შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

წყარო: report.ge