ჟურნალისტის მოგონებები
08.08.08
2008 წლის აგვისტოს ომში, როგორც ჟურნალისტმა, მეც მივიღე მონაწილეობა. 2 დღე ვიყავი გორში. რამდენჯერმე დავწერე, რაც იქ ვნახე გადავიტანე.
იქ ორდღიანმა ყოფნამ იმხელა ფსიქოლოგიური ტრავმა მომაყენა, გახსენებაც არ მინდა. თუმცა, ერთგვარად მოვალედ ვთვლი თავს, წელიწადში ერთხელ, ომის წლისთავზე ამ ომზე, ომში ნანახსა და განცდილზე დავწერო. გასაკვირია და, ყოველ წელს, ახალ–ახალ ემოციებს თავი რომ დავანებოთ, ერთი ახალი ფაქტი მაინც მახსენდება, სადღაც, ქვეცნობიერში, ტვინის რომელიღაც კუნჭულში რომ არის მიგდებული და მოულოდნელად მაშინ ამოტივტივდება, როდესაც ამ ომზე ფიქრსა და წერას ვიწყებ.
გორში ჩასული პირდაპირ მედია–ცენტრში მივედი, რომელიც ტელეკომპანია „თრიალეთის“ოფისში იყო განთავსებული. მედია–ცენტრს თავდაცვის სამინისტროს პრეს–ცენტრის უფროსი, ნანა ინწკირველი ხელმძღვანელობდა. თუმცა, ჟურნალისტებს ბოლომდე არ გვენდობოდნენ და პოლიტიკური მეთვალყურეებიც გვყავდა – გიგი უგულავა და გოკა გაბაშვილი. მათ ორი რამ ევალებოდათ (ეს თავად მითხრეს) ჟურნალისტთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და იმის გაკონტროლება, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი სამხედროებისთვის ზიანის მომტანი ინფორმაცია არ გაგვევრცელებინა. დეზინფორმაციის არ გავრცელება, თავისთავად. ეს გოკა გაბაშვილმა მითხრა, როდესაც ნანა ინწკირველმა – გეძახის და შედი მის ოთახშიო, მთხოვა. გიგი გასული იყო. გოგამ დამმოძღვრა. ეგ ყველაფერი ვიცი, სახელმწიფოს საზიანო ინფორმაცია არც გამივრცელებია და არც ახლა გავავრცელებ–მეთქი, ვუთხარი. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნო, რომ გაბაშვილმა, ვიდრე ომის გაშუქების წესებს ამიხსნიდა, თავშივე მითხრა, შენ უჩემოდაც იცი, რა და როგორ უნდა გააკეთო, მაგრამ იძულებული ვარ, ვალის მოსახდელად ფორმალურად მაინც გაგაფრთხილო. აქ უფრო იმიტომ ვართ მე და გიგი, ახალგაზრდა, უმწიფარი ჟურნალისტები დავაკვალიანოთ. პანიკისა გვეშინიაო, არ დაუმალავს გოკას.
რამდენჯერმე ვცადე საბრძოლო პოზიციებთან მიახლოება, მაგრამ ნაჭარმაგევის პოსტს ვერ გავცდი, სამჯერ დამიჭირეს. ბოლოს ოფიცერმა ისევ რომ დამინახა, ავტომატი გადატენა და კატეგორულად გამაფრთხილა, აქ კიდევ ერთხელ დაგინახავ და გესვრი, რისი უფლებაც მაქვსო. ჰო, ბოლოს პოსტს გზა ავუარე, ტყით წავედი, პოსტი უკან მივიტოვე და ვიფიქრე, გავაღწიე–მეთქი, მაგრამ მაინც დამიჭირეს და უკან გამომაბუნძულეს. რამდენიმე პოსტი იდგა. არც ერთ ჟურნალისტს არ უშვებდნენ საბრძოლო პოზიციების სიახლოვეს, გარდა „რუსთავი 2“–ისა. ამ არხის ჟურნალისტებსა და ოპერატორებს მაღალჩინოსანი სამხედროები პატრონობდნენ. პიკაპის ჯიპით მიჰყავდათ საბრძოლო პოზიციების სიახლოვეს, იქიდან კი სამხედრო ჯავშანტექნიკით საბრძოლო პოზიციებამდე. მაინტერესებს, რატომ ინახავენ არქივში იმ უნიკალურ კადრებს, რაც ამ არხის ჟურნალისტებმა გადაიღეს და როდის უჩვენებენ ხალხს?
ომში ვიყავი და ომში რა ხდებოდა, არ ვიცოდი. ეს მარტო მე არა, იქ მყოფ ყველა ჟურნალისტს დაგვემართა. ინფორმაციის ვაკუუმში ვიყავით. ყველა ტელევიზიას აკონტროლებდა ხელისუფლება, ინფორმაცია იფილტერებოდა და ისე ვრცელდებოდა, უცხოელ ჟურნალისტებსაც არ უშვებდნენ საბრძოლო პოზიციების სიახლოვეს, რომ ფრაგმენტულად მაინც გავრცელებულიყო რეალური ინფორმაცია ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ. თუ პრეს–ცენტრში რომელიმე ჩინიანი სამხედრო შემოივლიდა და ასეთი შემთხვევები ბევრი იყო, ისინი არც არაფერს გვეუბნებოდნენ, ან ყველაფერი კარგად არის, ჩვენი ჯარი ცხინვალს აკონტროლებენო, გვეუბნებოდნენ. მოკლედ, 8 აგვისტოს, რამდენიმე წუთიანი საარტილერიო ზალპი იყო სადღაც ძალიან ახლოს. ამ დროს ტელევიზიები გვიცხადებდნენ, რომ ქართული ჯარი, მართალია უკან იხევს, მაგრამ ცხინვალის შესასვლელს და ქალაქის კიდევ მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებსო. რუსეთის არმიის შენაერთებისა და ოსი „ბოევიკების“ ერთობლივ შემოტევას გმირულად უმკლავდებიანო. კი, გვეგონა, რომ ჩვენი ჯარისკაცები ისევ ცხინვალის შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. რეალურად, ის საარტილერიო, რამდენიმე წუთიანი, უწყვეტი ზალპი რუსეთის არტილერიისა იყო. ზემო ნიქოზი დაბომბეს, რადგან იქ ცხინვალიდან გამოსული ქართული სამხედრო ნაწილი დროებით თავს აფარებდა. ამ ბათქი–ბუთქიდან ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ პიკაპებისა და ჯიპების ავტოკოლონა გაიჭიმა გზაზე. ამ კოლონამ ჩაგვიარა და გორის სამხედრო ჰოსპიტალთან გაჩერდა, პიკაპების ძარაზევე ჩანდნენ სისხლში მოსვრილი ჩვენი ჯარისკაცები. ცხადია, ჟურნალისტები გავცვივდით ჰოსპიტალთან. არ ვიცი, რამდენი მანქანა იყო, ალბათ, 15–20 და თითოს რამდენი მოკლული და დაჭრილი მოჰყავდა?
ჰოსპიტალთან თავად ჯარისკაცები ეხმარებოდნენ მედპერსონალს დაჭრილების შეყვანაში, მერე ჩვენც მივეხმარეთ. მიცვალებულიც ბევრი იყო. რამდენიმე ჯარისკაცი პირდაპირ მორგში შვიყვანეთ. მათ ექიმი და სიკვდილის დადასატურებაც არ სჭირდებოდათ. ერთს ჭურვის ნამხვრევებისგან თავი ჰქონდა მოგლეჯილი, ერთს კი თავი შუაზე გადახლეჩილი. ბლეფი იყო, თითქოს ჩვენი ჯარისკაცები ცხინვალში პოზიციების შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. რეალურად, ცხინვალი უკვე აღებული ჰქონდათ და დიდი ლიახვის სოფლებს უტევდნენ, ბომბავდნენ ცხინვალის მიმდებარე სოფლებს, სადაც ცხინვალიდან მშვიდობიანად გამოსული ჩვენი ჯარისკაცები ეგულებოდათ. ქართველი ჯარისკაცების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო დარჩენილი, რამდენიმე დანაყოფით ცხინვალში და ისინიც, სამეთაურო პუნქტს მოწყვეტილნი, ლამობდნენ ნაკლები დანაკარგების გარეშე დაეღწიათ თავი, გამოსულიყვენენ ქალაქიდან. ცხინვალის ქუჩებში უკვე ქართველებზე ნადირობა მიმდინარეობდა, ქალაქს ოსები და რუსები წმენდნენ. ეს ჰოსპიტალთან მითხრეს ჩვენმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ნიქოზში დაბომბვას გადაურჩნენ და დაჭრილები და დახოცილები გამოიყვანეს. გოკა გაბაშვილი და გიგი უგულავა ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ჟურნალისტებს აფრთხილებდნენ, დეზინფორმაცია არ გაავრცელოთო, იმასაც ეუბნებოდნენ, ასეთ შემთხვევაში რა პასუხისმგებლობა დაეკისრებოდათ და ამ დროს, მათ მიერ გაკონტროლებული ტელევიზიები ატყუებდნენ ხალხს, ტყუილ იმედს უნერგავდნენ, რომ ცხინვალი ჯერ არ დაგვიკარგავსო და ამ დროს, რასაც მანამდე აკონტროლებდა ხელისუფლება, უკვე იმ ტერიტორიებსაც ჰკარგავდნენ – დიდ ლიახვის და პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობის სოფლებს.
ჩემი გარდაცვლილი მამიდაშვილის ერთადერთი შვილი, დათო მანჯავიძე, მეტსახელად „ტოტო“, სენაკის მე–4 ბრიგადის კავშირგაბმულობის ბატალიონში მსახურობდა და 7 აგვისტოს უკვე ომში იყო.
გორში წასვლამდე მამიდაჩემმა დამირეკა, „ტოტომ“ ცხინვალში შესვლამდე დამირეკა და მერე არაფერი ვიცი მის შესახებ, იქნებ რაიმე გაიგოო. რა უნდა გამეგო? თუ სენაკის რომელიმე ბატალიონიდან ვინმე შემხვდა, ვკითხე მის შესახებ, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა. სამხედრო ჰოსპიტალთან რამდენიმე ხეზე, გარდაცვლილთა და დაჭრილთა სიები იყო გამოკრული, ორი სია, ცალ–ცალკე. პერიოდულად აახლებდნენ ამ სიებს, ერთი ჯარისკაცის დაჭრის ან სიკვდილის ამბავიც რომ გაეგოთ და ინფორმაცია დადასტურებულიყო, მის გვარ–სახელს ამატებდნენ სიაში, იმასაც მიუთითებდნენ, თუ რომელ საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. უმეტესობა თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ღუდუშაურის კლინიკაში იყვნენ გადაყვანილნი. თუმცა, ზოგჯერ გვარ–სახელი, სამხედრო დანაყოფის ნომერი ეწერა, მაგრამ არ იყო მითითებული, დაჭრილი რომელ საავადმყოფოში იყო, ის არ ეწერა, რამდენიმე მხოლოდ გვარ–სახელი იყო და მეტი არაფერი. ომში დაღუპულთა სიაში კი მხოლოდ მათი ვინაობა და სამხედრო ნაწილი იყო მითითებული. მოკლედ, რაც შეეძლოთ, აკეთებდნენ, ხარვეზებით, მაგრამ ომში სხვაგვარად ძნელია. იქნებ შეუძლებელიც. დღეში სამჯერ, ოთხჯერ ჩავდიოდი ჰოსპიტალთან იმ სიების სანახავად. გათენდებოდა თუ არა, ჯერ იქ გავრბოდი. სახეგაფითრებული ხალხი მხვდებოდა იმ ხეებთან. შიშით ვკითხულობდით იმ სიებს და ვიცი, ისინიც ჩემსავით ნატრობდნენ გულში, ვისაც ეძებდნენ, მისი გვარ–სახელი არ ამოეკითხათ გარდაცვლილთა სიაში. ეჰ, ეგოიზმს ვერსად გაექცევა ადამიანი და ყველას, საკუთარი სხვისას ურჩევნია. იქნებ არც არის ეგოიზმი, ბუნების კანონია. ყველანი, ვინც მივდიოდით, ჯერ დაღუპულთა განახლებულ სიებს ვნახულობდით, ახალ–ახალ ფურცლებს აკრავდნენ, მერე დაჭრილთა სიებზე გადავდიოდით. ბევრმა საკუთარი ახლობელი ნახა გარდაცვლილთა და დაჭრილთა სიაში, ბევრი წივილ–კივილისა და ტირილსა და გოდების მომსწრე გავხდი. ერთმა გორელმა გოგონამ, საკუთარი მეუღლის გვარ–სახელი ამოიკითხა გარდაცვლილთა სიაში და გულწასული იქვე დაეცა. 20–22 წლისა იქნებოდა. მაშინვე ჰოსპიტალიდან გამოცვივდნენ ექიმები, ეს გოგონა გონს მოიყვანეს. მერე სახლში წაიყვანეს აღრიალებული. გაირკვა, რომ მედია–ცენტრის ახლოს, მოპირდაპირე კორპუსში ცხოვრობდნენ. მოვიდნენ ამ ბიჭის და, მშობლები და დიდი გლოვა შეიქნა. მეორე დღეს, გაირკვა, რომ ეს ბიჭი ცოცხალი იყო, დაჭრილს ჯერ გორის ჰოსპიტალში გაუკეთეს სასწრაფო ოპერაცია, მერე კი თბილისში გადაიყვანეს „არამიანცის“ საავადმყოფოში და არც სასიკვდილო არაფერი სჭირდა. გლოვა სიხარულმა შეცვალა და ამ ამბის შემსწრე ჟურნალისტებიც ვხარობდით. ვიღაცას შეეშალა და დაჭრილთა სიაში ჩასაწერი კაცი, დაღუპულთა სიაში ჩაწერა. ომში ყველაფერი ხდება. ომში ცუდი არაფერი უნდა გაგიკვირდეს, კარგია გასაკვირი. ჰო, „ტოტო“ ცოცხალი ჩამოვიდა ომიდან, უკვე თბილისში ჩამოსულმა დავურეკე და ვარიანში იყვნენ ის და მისი თანამებრძოლები. სახლშიც დარეკილი ჰქონდა.
თავში ნანა ინწკირველი ვახსენე.
დიდი ნიქოზიდან და მოკლულები დაჭრილები რომ ჩამოიყვანეს და დავბრუნდი მედიაცენტრში, მაშინ ვკითხე, რაღაც უბედურება ხდება და არავინ გვეუბნება, იქნებ მითხრა, რეალურად რა მდგომარეობაა–მეთქი. თავი გადაიქნია, ვერ არის საქმე კარგადო. მეტი არც მითხრა, ვერც მეტყოდა. ესეც იმიტომ მითხრა, იცოდა, არავის ვეტყოდი. რასაც ეუბნებოდნენ იმას აკეთებდა. ოფიცერი იყო და სამხედრო ფორმა ეცვა, ბრძანებას ვერ გადავიდოდა. თუმცა, მივხვდი, რაღაც უბედურება გვჭირდა და ნანა ვერ მეუბნებოდა. ტელეკომპანია „თრიალეთის“ დამფუძნებელი, ბადრი ნანეტაშვილი გუბერნატორის მოადგილე იყო იმ დროს, რამდენჯერმე საქმეზე მომიწია მასთან მისვლა. პრინციპში, იმ დღეებში გავიცანი, ადრე ტელეფონით რამდენჯერმე დავურეკე კომენტარზე. ავედი ბადრი ნანეტაშვილის კაბინეტთან. დავაკაკუნე და შევაღე კარი. რამდენიმე სამხედრო იყო კაბინეტში და გამოვიხურე. 15 წუთში გამოვიდნენ სამხედროები და მერე შევედი. გია კარბელაშვილი მოვიდა ამ დროს, „საქაერონავიგაციის“ უფროსი. გიას და ბადრის ვკითხე, ახალი ხომ არაფერი იცით–მეთქი? ბადრიმ, გიასგან ვიგებ ომის ამბებს, გაბაშვილი და უგულავა მარტო მე და ჟურნალისტებს კი არა, მგონი საკუთარ თავსაც ატყუებენ და არ უმხელენ სიმართლესო. ფეხზე ვიდექი, გიამ ხელი გადამხვია და დედა გვქვს მო…ლი, ლევან, მეტი რა გითხრაო? მერე გააგრძელა, თამარაშენი, ქურთა, კეხვი უკვე აიღეს რუსებმა, ჯარისკაცებიც დაიხოცნენ და მშვიდობიანი მოსახლეობაც, ვინც ვერ გამოასწროო. ამაღამ დიდი ლიახვის დარჩენილ სოფლებსაც აიღებენ. ტყვიავი დაბომბეს, მიწასთან გაასწორეს. ცხინვალის მიმდებარე რამდენიმე სოფელი გადაწვეს და დაარბიეს და სხვებსაც მალე მისწვდებიან. ცხინვალს სრულად აკონტროლებენ და ფრონტის ხაზი აღარ არსებობს. ბოლოს მითხრა, ჯარი აღარ გვყავს, დაშლილიაო.
მერე გავიგე, რომ რამდენიმე მაღალი ჩინის სამხედრო პირი, მათ შორის, ორი გენერალი, რომლებიც ცხინვალში იყვნენ და სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდნენ, დაკარგულებად ითვლებოდნენ. 4 ბატალიონი კი, ჯარისკაცებიანად და მეთაურებიანად, ერთი დღე არსად ჩანდნენ. მეთაურებთან ქვედა სამხედრო რგოლებს კავშირი აღარ ჰქონდათ, სამხედრო დაზვერვაც მოშლილი იყო. ომი წაგებული გვქონდა და ახლა ის იყო საფიქრალი, რუსები სად გაჩერდებოდნენ, აიღებდნენ გორს თუ არა და თუ გორს აიღებდნენ, დაყაბულდებოდნენ თუ არა ამას, უფრო შორს ხომ არ მოინდომებდნენ წამოსვლას? გია კარბელაშვილი გახდა ერთადერთი სანდო წყარო ჟურნალისტებისთვის. სამხედრო საიდუმლო, რაც იცოდა, არ გვეუბნებოდა, რაც დასამალი არ იყო, არ გვიმალავდა. საათზე მეტხანს ვილაპარაკეთ მე, გია კარბელაშვილმა და ბადრი ნანეტაშვილმა. რაღაცები ნანეტაშვილმაც იცოდა, მე არ მითხრა, არ მენდობოდა ბოლომდე. გიამ ჩემთან ყველაფერი რომ თქვა,მერე მანაც გაამხილა მნიშვნელოვანი ინფორმაციები. მაშინ და იქ გავიგე პირველად, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, საქართველოდან იყო გაქცეული. მათი სადღეგრძელო ლუდით შევსვით სამივემ.
გოკა გაბაშვილი და გიგი უგულავა უცხოელ და რამდენიმე ქართველ ჟურნალისტთან ერთად, სასტუმროში იყვნენ დაბინავებულნი. 9 აგვისტოს, ღამით, სამხედრო დაზვერვამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ გორი უნდა დაბომბილიყო. ეს ინფორმაცია უგულავას და გაბაშვილს აცნობეს. რამდენადაც ვიცი, გივი თარგამაძემ დაურეკა მათ. თარგამაძე მაშინ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო, პოლიტიკური ფიგურა. დაზუსტებით ვიცი, სამხედრო დაზვერვა ძალიან ბევრ ინფორმაციას ჯერ გივი თარგამაძეს აწვდიდა და მერე თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსს თუ წევრებს.
მერე რა ქნეს იცით, გაბაშვილმა და უგულავამ? 15 წუთში, ფართხა–ფურთხით დატოვეს სასტუმრო, ჩასხდნენ მანქანაში და თბილისში გამოიქცნენ. მედია–ცენტრში მყოფი ჟურნალისტები ხომ არც გავხსენებივართ და სასტუმროში მყოფი ჟურნალისტებიც კი არ გააღვიძეს. არადა, ერთი სართულით მაღლა იყვნენ, მთელი სართული ჟურნალისტებს ჰქონდათ დაკავებული. აეთრიე, დააკაკუნე ნებისმიერ კარზე, უთხარი, ქალაქი იბომბება და წაეთრიეთ მერე თბილისში. არადა, უგულავას და გაბაშვილს ევალებოდათ ჟურნალისტების უსაფრთხოება. ამათ რა ომი უნდა მოეგოთ, მაგათი მოგებული ომის მართლა დედაც! კიდევ კარგი, ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდა და არ დაიბომბა გორი. მარტო ჟურნალისტები? ჯერ კიდევ იყო ხალხი გორში, მსხვერპლი დიდი იქნებოდა.
ბევრი ვნახე გორში. ეს იყო ჩემი ჟურნალისტური კარიერის, ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე ორი დღე. აქ გავჩერდები. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მიჭირს ამ ომზე წერა. არ ვიცი, შესაძლოა, ასაკის ბრალიც არის, 12 წელი მომემატა მას შემდეგ.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №28