ევროპას რუსეთის ღია ჩარევის და ახალი კონფლიქტის ეშინია, ამიტომაც ბრიუსელი ლუკაშენკოს მიმართ არც ისე მკაცრია

ბრიტანული “ტელეგრაფი” ევროპიუროკრატიის რეაქციას აანალიზებს ბელორუსიაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების და ქუჩაში განვითარებული მოვლენების შემდეგ,  ჟურნალისტების აზრით, ბრიუსელის რეაქცია არასაკმარისად მკაცრი გამოდგა.

მიუხედავად იმისა, რომ პროდასავლური ოპოზიციის მიმართ გამოყენებულ იქნა უპრეცედენტო მასშტაბის ძალადობა,  ევროკავშირის მხრიდან ბელორუსიის ხელმძღვანელების მიმართ მკაცრი სანქციების შემოღება რეალურად არ დგას დღის წესრიგში.

ბრიუსელი ხისტ ქმედებებზე გადასვლას არ ჩქარობს – თეორიულად ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების შემოღებაზე ზოგადად შეთანხმდნენ, მაგრამ ეს – მხოლოდ თეორიულად.

ევროპის მკაცრი ტონი ალექსანდრ ლუკაშენკოს მიმართ შესაძლოა შერბილდეს დასავლეთთან ბელორუსიის დაახლოების და რუსეთის ზრდადი და სულ უფრო საშიში გავლენის შემცირებისთვის.

ევროპა რთული არჩევანის წინაშე დგას  – თუ ლუკაშენკო ზომაზე მეტად დაისჯება – ის პუტინის კიდევ უფრო ახლო მეგობარი გახდება, ხოლო მოსკოვის გავლენა მინსკზე საშიშ მასშტაბებს მიაღწევს.

ბრიუსელში ყოველთვის იმედოვნებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კარი დასავლეთისკენ მუდმივად ღია იქნება, ლუკაშენკო ერთხელაც სინათლეს დაინახავს, და საკუთარ ქვეყანას მისი მიმართულებით წაიყვანს.

ეს იმედები ბრიუსელის ბიუროკრატიაში, ათწლეულებია, არსებობს, თუმცა, უშედეგოდ.

 ბრიუსელი ლუკაშენკოსთან დიალოგის შენარჩუნებას ყოველთვის ცდილობდა და ეს, შესაძლოა, პრიორიტეტად დარჩეს.

დასავლეთში ასევე შიშობენ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის კრახმა შესაძლოა რუსეთის პირდაპირი ჩარევა გამოიწვიოს. უკრაინაში მომხდარი ძალაუფლების  ქაოტური ცვლა, რომლის დროსაც პრორუსული ხელისუფლება პროდასავლურით შეიცვალა,  კრემლისათვის ყველაზე არასასურველი ვარიანტია.

არის ალბათობა, რომ მან ბელორუსიაშიც ნებისმიერ ფასად ამის თავიდან აცილება სცადოს.

 რუსეთის ღია ჩარევა და არასტაბილურობა ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებთან – ისაა, რაც ევროპას დღეს ყველა ნაკლებად უნდა.

კიდევ ერთი ფაქტორი კი არის ის, რომ სანქციების შემოღებას ევროკავშირის წევრებს შორის ერთსულოვნება სჭირდება, ის კი ჯერ  არ არსებობს. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, და გერმანია სანქციების დაწესებას ითხოვენ, თუმცა, ეს გეგმები შესაძლოა უნგრეთმა ჩაშალოს.

ბუდაპეშტი ლუკაშენკოს საქციელით ევროპელების აღშფოთებას სრულად იზიარებს. და ზოგადად სანქციების წინაამღდეგი არაა, თუმცა, მიიჩნევს რომ სანქციები კონტრპროდუქტიულია, ყველაზე მეტად ბელორუს ხალხს დააზარალებს და რუსეთის გავლენას ქვეყანაში გაზრდის.

ამ არგუმენტს ევროპის დედაქალაქებში გარკვეული წონა აქვს.

თუმცა, სისასტიკის მასშტაბმა, რომელიც ლუკაშენკოს თავისი ხალხის წინაამღდეგ გამოავლინა და მასობრივმა ელექტორალურმა თაღლითობამ შესაძლოა ევროკავშირის ბელორუსი ლიდერის მიმართ რბილი თამაშის შესაძლებლობა წაართვას.

არაა გამორიცხული, რომ ევროპელი ლიდერებმა ჩათვალონ, რომ კონტინენტზე ასეთ დიქტატორს მეტს ვერ აიტანენ.

 

telegraph.co.uk , ქართულად მოამზადა: commersant.ge