გეტყვით, როდის და რატომ გადაიყვანეს თამუნას მანქანა მაწევანში

18 ივლისს 23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი, სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.

21 ივლისს, ოჯახმა და ახლობლებმა აქცია მოაწყვეს.

22 ივლისს, თეთრიწყაროს რაიონში, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მანქანაში იპოვნეს.

დღეს 18 აგვისტოა და სამედიცინო ექსპერტიზის პასუხი ჯერ ისევ არ არის!

დღეს 18 აგვისტოა – რა ხდება თამარის გაუჩინარებიდან ზუსტად 1 თვის თავზე? – რა კითხვებზე გასცა პასუხი გამოძიებამ ოჯახს?

ამ და სხვა კითხვებით “ალია” ოჯახის ადვოკატს, მიშა რამიშვილს დაუკავშირდა:

-დღეს გავიდა ერთი თვე, რა შედეგი გაქვთ ამ ერთ თვეში? რა კითხვებზე გაქვთ პასუხები?

-პროკურატურას და შსს-ს არაფერი გაუკეთებია, სრულიად არაფერი. არც ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. ამ ერთ თვეში ერთი ხელჩასაჭიდი ძაფიც არ უპოვნიათ საქმეში.

სამაგიეროდ, ჩვენ მოვიპოვეთ იმის მტკიცებულება, რომ თამუნას თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს – რასაც გამოძიება გვიმტკიცებდა, რა ვერსიაზეც მუშაობდნენ – ჩამოიშალა, გამოირიცხა. მოგეხსენებთ, ჩემ მიერ მოპოვებული იქნა ვიდოკადრები, რომ სწორედ იმ ადგილას, სადაც მანქანა და ცხედარი იპოვნეს, ყოველ დღე დაჰყავთ ნახირი, დილით მიჰყავთ, საღამოს მოჰყავთ, საქონელს მიჰყვება მწყემსიც და მიჰყვებიან ძაღლები და ესენი არიან დაგეშილი ძაღლები, როგორ წარმოგიდგენიათ, აუარეს გვერდი მანქანას და ვერ დაინახეს და არც ძაღლმა მივიდა უკაცრავად და სუნზე? წარმოდგენაც რთული, როგორი სუნი იდგა… შესაბამისად, ეს ვერ იქნებოდა თვითმკვლელობა, თამუნა გახდა ორგანიზებული და დაგეგმილი მკვლელობის მსხვერპლი, მანქანა კი მერე იქნა გადაყვანილი და მაგასაც გეტყვით როდის გადაიყვანეს.

-მანამდე ერთ კითხვას დავსვამ, მწყემსის ინტერვიუ ვნახეთ ყველამ – მწყემსი და მისი ოჯახის წევრები, მედიასთან გარკვევით ამბობენ, რომ ამ გზით დადიოდნენ ყოველთვის და იქ წინა დღეებში მანქანა არ შეუმჩნევიათ ! – რას ამბობს პროკურატურა და შსს ამაზე? მე ჩავთვალე, რომ მწყემსის ინტერვიუს მერე, თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობა შეწყდებოდა, თუმცა, ასე არ მოხდა!

-არაფერს, მწყემსი ხელმეორედაც კი არავის დაუკითხავს. ჩვენების დასაზუსტებლადაც აღარ დაუბარებით. ამ მწყემსს ჟურნალისტი რომ ესაუბრება, პირდაპირ ეთერში ვხედავთ და ვისმენთ, როგორ ურეკავს ადგილობრივი პოლიციელი, ზუსტად ის პოლიციელი, რომელსაც დაურეკეს მწყემსებმა, როცა მანქანა იპოვნეს!

-კი, და ეკითხება, შეშაზე თუ იყავი და როდის მიდიხარო.

-კი, ეგ ცალკე უცნაურობაა, რა დროს შეშაზე წასვლა იყო? ვინც იცის, რა ფორმით იყენებენ რუსულად “შეშას” კრიმინალურ სამყაროში…

-მეც ვიცი – მკვდარი, “ტრუპს” ნიშნავს…

-კი. არაფერს ვამტკიცებ, მარტო ერთი კითხვა მაქვს, რატომ არ არის მწყემსი განმეორებით დაკითხული?

 

“ალია”