ინფიცირების შემთხვევები სამ ათეულს თუ გადაცდა, ჩვენი რეკომენდაცია საგანგებო რეჟიმის შემოღება იქნება- თენგიზ ცერცვაძე

შემოდგომის მოახლოებას საზოგადოების ნაწილი შიშით ელის – როგორც სპეციალისტების ნაწილი პროგნოზირებდა, შემოდგომაზე კორონავირუსის გავრცელების ალბათობა, მაღალი იქნება.

 

ამიტომ, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა გახდა – შეიზღუდება თუ არა საზოგადოებრივი თავშეყრა?!

პრაიმტაიმმა სწორედ ამ კითხვით თენგიზ ცერცვაძეს მიმართა. როგორც ცერცვაძე ამბობს, ამ ეტაპზე მკაცრი საგანგებო ზომების მიღება საჭირო არ არის, მაგრამ ექსპერტი მოსახლეობას სიფრთხილისა და დადგენილი წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა თუ სამ ათეულს გადასცდა, მაშინ სპეციალისტების რეკომენდაცია საგანგებო რეჟიმის შემოღება იქნება.

„თუ მეორე ტალღა იქნება, მეტი გამოცდილებით შევხვდებით და ეს პირველზე რთული სამართავად არ იქნება.

ჯერჯერობით არ ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრა უნდა შეიზღუდოს. ამის საჭიროება არ დგას. მუშაობა პანდემიის წინააღმდეგ მდგრადი გამოდგა, თუნდაც ევროპული ქვეყნების ან მეზობელი ქვეყნების შედეგებთან შედარებით. ვიცით, რომ უმძიმესი შედეგებია აშშ-ში.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სამ რეგიონში ვირუსის შემთხვევები დაფიქსირდა, არ იკვეთება საფრთხე, რომ ეს ქვეყნის მასშტაბით გავრცელდეს.

ჩვენმა ექიმებმა და სხვა სტრუქტურებმა კარგად ისწავლეს მყისიერად რეაგირება და ფართედ გავრცელების არ დაშვება.

როგორც სპეცილისტსა და ექსპერტს მიმაჩნია, რომ ფართე მასშტაბიანი საგანგებო ზომების შემოღება საჭირო არ არის და არც გახდება.

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზოგადოება გათამამდეს და უგულვებელყონ საჭირო ზომების დაცვა. ბოლო დროს, პირბადის ტარება შესუსტდა და ხშირად, არც სოციალურ დისტანციას იცავენ.

ეს ეხება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებსაც… მოგვწონს თუ არა, კორონავირუსი არსად არ ქრება, არის, სანამ ვაქცინა და ეფექტური მედიკამენტი არ იქნება, უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე…

საზოგადოებრივი თავშეყრა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს, თუ მაქსიმუმ სამ ათეულს გადაცდება ინფიცირებულთა რაოდენობა.

თუ ჩვენთვის ჩვეულ რაოდენობას გადასცდა და მოსახლეობისა და ჰოსპიტალური სექტორისთვის საგრძნობი გახდა, საჭირო გახდება ზომების გამკაცრება.“ – განმარტავს თენგიზ ცერცვაძე.

“პრაიმტაიმი”