ორი კარავი ბათუმში და კორონავირუსზე ტესტირება ნებაყოფლობით

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1098 ადამიანი.

ბათუმის ბულვარში ორი კარავი განთავსდება, სადაც მოქალაქეები ნებაყოფლობით შეძლებენ ტესტირებას, განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გამყრელიძის განცხადებით, აღნიშნული ტესტირებით გაირკვევა, რამდენად ტრიალებს რეგიონში ვირუსი.

„დიდი ალბათობით, ხვალიდან მოხდება აღწერა, რამდენი ღამის კლუბი, ბუნგალოა აჭარაში და ყველას სავალდებულო ტესტირება დაიწყება. ასევე, ვმუშაობთ საკითხზე, რომ ბათუმის ბულვარში დაიდგას ორი კარავი და ნებაყოფლობით შევთავაზოთ ადამიანებს ტესტირება, რადგან გვქონდეს ინფორმაცია, ტრიალებს თუ არა აჭარის რეგიონში ინფექცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1098. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

“სპუტნიკი”