ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამის თამაზ ხომასურიძის განცხადებით, თუ მისი ბრალდებული შვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება შიმშილობის შემდეგ სუიციდს მიმართავს.
როგორც მან ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურასთან განუცხადა, მისი შვილის ზ.ხ-ს მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ სიცრუის დეტექტორზე გაიაროს, ასევე დეტექტორი გაიარონ “ტოიოტა ქამრის”ავტომობილის მგზავრებმა, მოწმეებმა გური ამირხანაშვილმა და იაკობ ბრეგვაძემ და ამგვარად გაირკვეს სიმართლე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე.
თამაზ ხომასურიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ის პროკურატურის წინ პროტესტის ნიშნად აგრძელებს შიმშილობას, სამი დღის შემდეგ კი აპირებს, რომ მშრალი შიმშილობის ფორმით გააგრძელოს პროტესტი. როგორც ხომასურიძემ განმარტა, ის პროკურატურის წინ დღეს კარვის გაშლას აპირებს, თუმცა ამის უფლებას ადგილზე მყოფი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ ძლევენ. ბრალდებულის მამა პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვას არ გამორიცხავს. გარდა ამისა, ბრალდებულის მამა ამბობს, რომ მტკიცებულებები გააჩნია მოწმე გური ამირხანაშვილთან დაკავშირებით,რომლის გამოქვეყნებასაც აპირებს,თუმცა ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს რას მოიცავს აღნიშნული მტკიცებულებები.
მისი თქმით, პროკურატურა მათ მოთხოვნებს არ იზიარებ, რადგან სიცრუის დეტექტორის გავლის შემდეგ ამირხანაშვილის პასუხები სიცრუე აღმოჩნდება.
“მე არ ვარ გიორგი შაქარაშვილის ბიძა, რომ უაპელაციოდ ვილაპარაკო, რადგან ვამბობ, ე.ი. ვამბობ. დავამტკიცებ იმას, რომ ამირხანაშვილი და შაქარაშვილი დაიმალნენ ერთად და ამირხანაშვილმა დაინახა, თუ როგორ ჩავარდა წყალში შაქარაშვილი და არავის უთხრა ეს”, განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, პროკურატურასთან მის პროტესრს დღეს შეურთდებიან სხვა დაკავებული პირების მშობლები.
“ინტერპრესნიუსი”