ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმირ მაკეი აცხადებს, რომ მისი ოჯახის წევრებს ემუქრებიან.
ამის შესახებ მაკეიმ დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებთან მიმართვისას განაცხადა.
მაკეის ამ განცხადებას ბეალარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.
„კიდევ მესმის, როდესაც მუქარა სახელმწიფო მოხელის მისამართით არის, რომელსაც კონკრეტული პოსტი უკავია, თუმცა ანონიმური ზეწოლა ჩემს ოჯახზე, მათ შორის მცირეწლოვან ბავშვებზე, არანაირად არ არის ახლოს დემოკრატიასთან. ჩემი 11 წლის შვილის ცრემლებისთვის მზად ვარ, ყელი გამოვღრღნა. აქ დემოკრატიის სუნიც კი არ დგას. აქ ყარს ნგრევითა და ანგარიშსწორებით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვაში.
ვლადიმირ მაკეი მიიჩნევს, რომ ბელარუსს სჭირდება ცვლილებები, თუმცა არა სამოქალაქო დაპირისპირებისა და რევოლუციების ფასად.
მისი აზრით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანა ბევრი წლით უკან დახია.
„ცვლილებები საჭიროა. ამას არავინ უარყოფს. თუმცა არა სამოქალაქო დაპირისპირებისა და რევოლუციების ფასად. ასეთ შემთხვევაში, მსხვერპლი და ნეგატიური შედეგები ბევრად მეტი იქნება. ბოლო დღეების მოვლენების გამო უკვე ბევრი წლით დავიხიეთ უკან “, – ნათქვამია მაკეის განცხადებაში.
ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღეს ქვეყანა უახლოეს ისტორიაში ყველაზე რთულ ეტაპს გადის.
„სინამდვილეში საუბარია სახელწმიფოებრიობის შენარჩუნებაზე“, -აღნიშნავს დიპლომატი.
მინისტრმა ასევე მოუწოდა ბელარუს დიპლომატებს, საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისას, არ შეიტანონ განხეთქილება კოლექტივში და არ აჰყვნენ ბრმად მასებს.
“1 არხი”