რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი დიდი პატივისცემა ქართველი ხალხის მიმართ. მინისტრმა მხარი დაუჭირა რუსეთის და საქართველოს შორის მეგობრულ კავშირებს და ორ ქვეყანას შორის სპირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას.
ეს ყველაფერი მან ჟურნალ “ტრუდთან” ინტერვიუში განაცხადა. ლავროვმა შეგნებულად არ აღნიშნა უარყოფითი მომენტები, რომ ფრენები საქართველოს მიერ მოწყობილი პროვოკაციის გამო შეწყდა. ამის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ფრენების აღდგენა, ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობაზე იქნება დამოკიდებული. სხვა სიტყვებით, ლავროვმა კიდევ ერთი შანსი მისცა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან თავისი ელემენტარული შეცდომები გამოასწოროს.
სერგეი ლავროვის განცხადება:
„იმედი მაქვს, საქართველოსთან ავიამიმოსვლის ადგენა უახლოესი მომავლის საქმეა. საქართველოში არსებულ მდგომაროებას ყურადღებით ვაკვირდებით, რასაკვირველია, რეგიონსა და მსოფლიოში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ზოგად ნორმალიზებასა და სხვა მიმართულებით ფრენების აღდგენასაც ველოდებით. რუსეთი ყოველთვის აფასებდა მეგობრულ კავშირებს ქართველ ხალხთან, რომელთან ერთადაც ჩვენ ერთ საუკუნეზე მეტხანს, სხვადასხვა სახელით, მაგრამ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრეთ,“– აღნიშნა ლავროვმა.
ზურაბ აბაშიძის პასუხი:
რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას პასუხობს. აბაშიძის თქმით, ფრენების შეჩერება რუსეთის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება იყო და მათი აღდგენაც მოსკოვზე არის დამოკიდებული.
“ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენაც ძირითადად მოსკოვზეა დამოკიდებული, ცხადია შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების არსებობის შემთხვევაში. საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნამდვილად გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისთვისაც მთავარი ფორმატის – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დამატებით, შეიქმნა არაფორმალური კომუნიკაციის არხი – აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელმაც შედეგად მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. პუტინმა საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება 20 ივნისის ე. წ. საპროტესტო აქციის შემდგომ მიიღო, როდესაც “ნაციონალებისა” და მათი სატელიტური პარტიების წარმომადგენლებმა დიპლომატიური სკანდალი მოაწყეს – თავს დაესხნენ საერთაშორისო კონფერენციის დიპლომატიური სტატუსის მქონე უცხოელ (პირველ რიგში რუს) დეპუტატებს, ისინი პარლამენტის შენობიდან გააძევეს და შემდგომ, სასტუმროსთან, ბოთლები დააყარეს.
ეს ფაქტი ზურაბ აბაშიძეს, ეტყობა, აღარ ახსოვს, ალბათ სიბერის ბრალია. მაგრამ რისი ბრალია, რომ საკადრო დიპლომატი, ივანიშვილთან დაახლოებული პირი თავის თავს გვამადლის ჩვენც და სერგეი ლავროვსაც და “ნაციონალების” ე. წ. “ნარატივებს” იმეორებს?! გავიგეთ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაამკვიდრა ეს ტერმინოლოგია – “რუსეთი ოკუპანტია”, რათა ყოველ წუთს ვიმეოროთ ეს სიტყვები და ვერასოდეს დაველაპარაკოთ რუსეთს; გასაგებია ასევე, რომ “ქოცებს” ეშინიათ და პოპულიზმს არიან აყოლილები, ისინი უფრო ხმამაღლა იძახიან “რუსეთი ოკუპანტია”-ს, მაგრამ რატომ ჰგონია ბატონ ზურაბს, რომ მისი პიროვნული დასაქმება და საზღვარგარეთული ვოიაჟები “აბაშიძე-კარასინის ფორმატში” უდრის რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაციას?! რომელ მოგვარებაზეა საუბარი, როდესაც დსთ-ს დატოვებამ, რუსეთთან დიპურთიერთობების გაწყვეტამ, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში თანამშრომლობაზე უარის თქმამ ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე, არსებული სატარიფო და სხვა მოთხოვნების გამო, ნაკლებად კონკურენტულად აქცია?! განა საიდუმლოა ბ-ნი აბაშიძისთვის, რომ სომხური და აზერბაიჯანული პროდუქცია საგრძნობლად გვისწრებს რუსეთის ბაზრის ათვისების თვალსაზრისით?! ის, რაც დღეს საქართველოდან რუსეთში შედის, ხომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პიროვნულად გამოვლენილი კეთილი ნების შედეგია და არა ზურაბ აბაშიძის დაუღალავი შრომის – ეს კარგად იცის ბ-მა ზურაბმა, მაგრამ არ იტყვის! ან რომელ კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებზეა ლაპარაკი, როდესაც დიპლომატიური სტატუსის სტუმრებს ბოთლები დააყარა გავეშებული პროვოკატორების ბრბომ და ამაზე არც თავად აბაშიძეს და არც მის ბოსს არ ჰქონიათ რეაქცია?! როდესაც რუსული თეატრი ჩამოდის ქუთაისში და მას “ანტისაოკუპაციო” აქციას უმართავენ რქიანი ნაქართველარები, ხოლო სახელმწიფოს ამაზე რეაქცია არ გააჩნია?! აჭარის განათლების მინისტრს კი ხსნიან თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო, რომ მან რუსეთიდან ბავშვების საცეკვაო ჯგუფი მიიღო და ამ ბავშვებმა, სხვა ეროვნების ბავშვებთან ერთად, ყველამ თავ-თავიანთი ქვეყნების ეროვნული დროშებით ხელში ჩაიარეს ბათუმის ქუჩებში?!
სულ ესაა ბატონი ზურაბ აბაშიძის დიპლომატობა?! ამის იმედადაა ბიძინა ივანაშვილი?!
ახლა ლავროვი გვეუბნება, ქართველებისადმი მეგობრული გრძნობები გვაქვს რუსეთში და ამ სულისკვეთებით გვინდა განვაგრძოთ თქვენთან ურთიერთობაო, აბაშიძე კი რას პასუხობს – არა, არ გვინდა, ჩვენთვის რუსეთთან ურთიერთობები არაფრით განსხვავდება ნებისმიერ სხვა მეზობელთან ურთიერთობებისაგან, ყველაფერი დავარეგულირეთ, მე ჩემი სამუშაო მაქვს და მეტი არაფერი მაინტერესებს…
ამას დიპლომატია არ ჰქვია და ნაფტალინიანი ეგოიზმის სუნი ასდის, ბატონო ზურაბ!