ლუკაშენკო NATO-ს უპირისპირდება და არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოჰყავს!

ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავისი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ძირითად ნაწილს სრული სამხედრო მზადყოფნა უბრძანა და ჯარები დასავლეთის მიმართულებით გადაისროლა.

ამის მიზეზია ნატოს ჯარების გააქტიურება სუვერენული ბელარუსიის საზღვრებთან. პრობლემურია ბელარუსულ-ლიტვური და ბელარუსულ-პოლონური საზღვარი ქ. გროდნოს და მისი შემოგარენის სახით. ნატოს ჯარები საზღვრის იქითა მხარეს, ლიტვაში და პოლონეთში, სამხედრო წვრთნებს ატარებენ ბელარუსიაში მიტინგების დაწყების შემდეგ.

გროდნოს ოლქში, სხვა რეგიონებთან შედარებით, უფრო ძლიერია ოპოზიციური და ანტირუსული კათოლიკური ელემენტები. მათი ზეწოლით ქალაქის ადმინისტრაციამ ნებართვა გასცა ანტისაპრეზიდენტო მიტინგების გამართვაზე, მაგრამ ლუკაშენკომ ქალაქზე კონტროლი მალევე დაიბრუნა და გროდნოს ოლქში ახალი გუბერნატორი დანიშნა. კარანიკის დანიშვნას ადგილობრივმა საოლქო დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი.

ბელარუსიის არჩეულმა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, რომლის მხარდასაჭერადაც ბოლო დღეებში უამრავი ადამიანი გამოვიდა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, დღეს თავად მოაწყო დიდი მიტინგი ოპოზიციის მთავარ ბურჯად ქცეულ ქალაქ გროდნოში, საიდანაც მკაცრად გააფრთხილა ქვეყნის დესტაბილიზაციის შიდა და გარე მოსურნენი:

“ის, რაც მე მაწუხებს არის, რომ შიდა ფაქტორებს გარეგანი ფაქტორი დაემატა. ჩვენ ვხედავთ ნატოს ჯარების სერიოზულ მოძრაობას პოლონეთსა და ლიტვაში, ჩვენი საზღვრების უშუალო სიახლოვეს” – განაცხადა ლუკაშენკომ.

პრეზიდენტმა დავალება მისცა ბელარუსიის შეიარაღებული ძალების დასავლეთის ოპერატიულ ხელმძღვანელობას, უმკაცრეს კონტროლზე იქნას აყვანილი ნატოს ჯარების დანაყოფების გადაადგილებები. სასაზღვრო ჯარებს კი ლუკაშენკომ უბრძანა:

“არც ერთი ბოევიკი, არც ერთი პროვოკატორი, არც ერთი ტყვია არ უნდა მოხვდეს ჩვენს ტერიტორიაზე!”