“სამედიცინო ფაშიზმი” – ასე აფასებს კანადური “გლობალ რისერჩი” ავსტრალიის პრემიერმინისტრის, სკოტ მორისონის გეგმებს, სავალდებულო გახადოს ვაქცინაცია კორონავირუსის უცნობ და საშიშ სახეობად გამოცხადებული Covid19-ის წინააღმდეგ.
„ველოდები, რომ ვაქცინაცია იმდენად სავალდებულო იქნება, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, ეს ხომ პანდემიაა, რომელმაც გლობალური ეკონომიკა გაანადგურა და ასობით ათასი სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 450 ავსტრალიელის სიცოცხლე“, – განაცხადა ავსტრალიის პრემიერმა.
მისივე თქმით, ვაქცინაციაზე უარის თქმა მხოლოდ სამედიცინო მიზეზებით იქნება შესაძლებელი და ავსტრალიის მოსახლეობის დაახლოებით 95% აცრილი იქნება (ავსტრალიაში დაახლოებით 25 მილიონი მოსახლეა).
მორისონს ოქსფორდული ვაქცინის იმედი აქვს. ამასთან, ვაქცინაცია უფასო იქნება.
თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა, რომ ექიმები აღიარებენ – ვაქცინაცია Covid19-ის წინააღმდეგ ეფექტური შეიძლება, მხოლოდ დროებით იყოს. ერთი აცრა არ იქნება საკმარისი ამ ინფექციის სამუდამოდ თავიდან ასაცილებლად, პრევენციისათვის საჭირო იქნება ყოველწლიური აცრები, როგორც გრიპზე იცრებიან მიიჩნევს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი რებეკა ეშფილდი. მაგრამ, როგორც ცნობილია, გრიპის ვაქცინა არ იძლევა გრიპის თავიდან აცილების სრულ გარანტიას, ხშირად ეს ვაქცინა უძლურია. ასევე შეიძლება იყოს Covid19-ის შემთხვევაშიც.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა “კოვიდ”-ვაქცინების გასინჯვა ათეულ ათასობით ადამიანზე. შედეგები უცნობია და რამდენად უსაფრთხოა ადამიანისთვის ესა თუ ის ვაქცინა (ის რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურია თუ არა – უკვე მეორადი კითხვა ხდება), მხოლოდ წლების შემდეგ შეიძლება, გახდეს ცნობილი.