მხოლოდ ღვთის დახმარებით შეძლებს ადამიანი დაძლიოს ცოდვა საკუთარ თავში, ხოლო თუ იგი განშორდება უფალს, ცოდვა დაამარცხებს მას, – ამის შესახებ მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„ქრისტეს მიერ საყვარელნო დედანო, მამანო, ძმანო და დანო, ჩვენ ვიმყოფებით ფერისცვალების დღესასწაულის კვირიაკეში. ეს უდიდესი მადლი ეფინება მთელს კაცობრიობას და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი მოწოდებილია, რომ გაუხსნას გული ამ წყალობას, რათა მოციქულთა მსგავსად, ჩვენც აგვეხილოს ჩვენი სულიერი თვალი და ვიხილოთ ღვთაებრივი ნათელი, რათა მტკიცე იყოს ჩვენი სარწმუნოება, რათა ამ დიდი მადლის მიღებით ვძლიოთ ხილულსა თუ უხილავ წინააღმდეგობას, პირველ რიგში საკუთარ თავში და ჩვენს გარშემო. მხოლოდ ღვთის დახმარებით შეძლებს ადამიანი დაძლიოს ცოდვა საკუთარ თავში, ხოლო თუ იგი განშორდება უფალს, ცოდვა დაამარცხებს მას. ამის მაგალითები არის მთელი კაცობრიობის ისტორია, როდესაც ესა თუ ის პიროვნება ან ერი უახლოვდებოდა უფალს. უფალი მას მოანიჭებდა გამარჯვებას, სულიერ ამაღლებას, კურნებას, დიდ სიხარულს, ხოლო როცა ის სცილდებოდა უფალს, მაშინ ადვილად აცდუნებდა ბოროტი სული. ვერავითარი ადამიანური მონდომება, თუ იგი არ დაეფუძნა საღმრთო ძალას, საღმრთო ენერგიას, ეს ენერგია რომ არსებობს და რომ იგი მოქმედებს ადამიანზე და მკვიდრდება მის სულში, ამის დასტური არის ფერისცვალების დღესასწაული. ის ნათელი, რომელიც იხილეს მოციქულებმა, რომელთაც აღავსეს ისინი უდიდესი ნეტარებით, ეს ნათელი არის საღმრთო ენერგია, მადლი სულისა წმინდისა, რომელიც გადმოდის ადამიანზე და მასში მკვიდრდება. მთავარია, ადამიანმა გული განიწმინდოს, მოამზადოს ეს გული, ხოლო იმისთვის, რომ გული განვიწმინდოთ, უპირველესი სათნოება არის სიყვარული, მოყვასის სიყვარული, უანგარო სიყვარული. სიყვარული არა იმის, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, ვინც ჩვენთვის სიკეთეს აკეთებს, არამედ განურჩევლად იმისა, ჩვენთვის სიკეთეს აკეთებს თუ არა ადამიანი. გვიყვარდეს, რადგანაც ყოველი ადამიანი არის უფლის ხატი და მსგავსი, თუნდაც დაცილებული ღმერთს, ჩვენ ის უნდა გვებრალებოდეს, ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ ის გადარჩეს და დაუბრუნდეს ცხონების გზას, ამიტომაც სიყვარული არის უდიდესი ძალა, ვისაც უყვარს. როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, მან იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყვარული არს. როცა ჩვენ შევიყვარებთ, თუნდაც მაჭირვებელ მოყვასს, ჩვენს გულში ღმერთი მკვიდრდება. როდესაც ჩვენ სამაგიეროს გადავუხდით ჩვენს მაჭირვებელს, ჩვენ უფალი განგვეშორება. რა უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენ დავიკმაყოფილოთ შურისძიების გრძნობა, მაგრამ დავკარგოთ უფალთან კავშირი, თუ დავითმინოთ და მივიღოთ სულისა წმინდისა მადლი. სწორედ ამ მადლის მისაღებად საჭიროა მიმტევებლობა, ყველაზე დიდი გამოვლინება სიყვარულისა არის მიმტევებლობა, რადგანაც შენ გიყვარს ის ადამიანი, ვინც რაიმე ტკივილი მოგაყენა, ეს არის ღვთაებრივი სიყვარული, რადგანაც უფალი ამბობს, რომ უფალი ყველას მოუვლენს თავის წყალობას, ასევე ადამიანი, კეთილსაც და ბოროტსაც სიყვარულით უნდა უყურებდეს და სწორედ ამ მიტევების შესახებ ჩვენ მოვისმინეთ სახარებისეული იგავი, რომელიც გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიტევება, რადგან თუ ჩვენ არ მივუტევებთ, გულში წყრომა გვექნება, ჩვენც ცოდვები არ მოგვეტევება“,- აღნიშნა მეუფე დანიელმა.
როგორც მეუფე ამბობს, „თუ ადამიანს ცოდვა არ მიეტევა, ადამიანს ცოდვა ჩაძირავს და ღმერთს მოწყვეტს“.
„ამიტომ, დღევანდელი იგავი ძალიან ხატოვნად გვარწმუნებს იმაში, თუ რაოდენ დიდი სიკეთეა მიმტევებლობა და რაოდენ დიდი ბოროტებაა შურისმაძიებლობა, რომელიც საბოლოოდ იმ ადამიანს ღუპავს, ვინც ასე იქცევა. იგავი ასე იწყება: ემსგავსა სასუფეველი კაცსა, როგორ შეიძლება სასუფეველი კაცს ემსგავსოს, ეს არის ალეგორია, ნიშნავს, რომ სასუფეველი ჰგავს ისეთ ვითარებას, როდესაც კონკრეტული პიროვნება აპირებს თავისი ქვეშევრდომების შემოწმებას, როგორ აღასრულებენ თავის მოვალეობას. სიმბოლურად აქ უფალი იგულისხმება, რომელიც მუდამ ამოწმებს და ხედავს თავისი შვილების სულიერ მდგომარეობას, ვინ აღასრულებს ქრისტიანის ვალს, ვინ ვერ აღასრულებს, რომ ამისთვის მას ის მიაგოს, რასაც იმსახურებს. წარუდგინეს მას ერთ-ერთი მონა, რომელსაც ჰქონდა მისი უზარმაზარი ვალი, ათი ათასი ტალანტი. წარმოიდგინეთ, ერთი ტალანტი, 34 კგ ვერცხლია, 19 წელი უნდა ემუშავა მონას, რომ ერთი ტალანტი მიეღო, ე.ი. ერთი ცხოვრება არ ეყოფოდა ასი ტალანტის გამოსამუშავებლად და მით უმეტეს ათი ათასი ტალანტი. ე.ი. უამრავი ცოდვა ჰქონდა, ვალი ეს არის ცოდვა. როდესაც მას აღმოჩნდა, რომ გადახდილი არ აქვს ეს ვალი, ბრძანა ბატონმა, რომ საპყრობილეში ჩაეგდოთ, გაეყიდათ მისი ოჯახი, ქონება და ასე დაესაჯათ იგი. მაშინ ეს კაცი ფეხებში ჩაუვარდა ბატონს და უთხრა, რომ მომეცი დრო და საშუალება და მე შევეცდები გამოსყიდვას. რასაკვირველია, ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ბატონმა არამარტო დრო მისცა, არამედ უბრალოდ აპატია. ეს ალეგორია ჩვენ უნდა დავინახოთ საკუთარ თავზე, ყოველი ჩვენგანი ათი ათასობით და კიდევ უფრო მეტი ცოდვების გამო ვართ ვალში უფლის წინაშე. ნათლობით, შემდეგ აღსარებით და ზიარებით ახლიდან ვიბადებით და უფალი ყველაფერს გვპატიობს. ასეთი ბედნიერების შემდეგ რა გააკეთა ამ ადამიანმა, მას შეხვდა ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მისი ვალი 100 დინარი, ეს იყო ძალიან მცირე, 100 დინარისთვის სამი თვე უნდა ეშრომა ადამიანს. ეს ადამიანი ამას გადაიხდიდა და იგივე სცენა განმეორდა, მან უთხრა, რომ საპყრობილეში ჩააგდეთ და გაუყიდეთ ოჯახი, ამან სთხოვა, რომ დრო მომეცითო. ამდენი ცოდვა რომ მიუტევეს ადამიანს, თვითონაც ხომ იგივე უნდა გაეკეთებინა და მან არ აპატია, ჩააგდო საპყრობილეში. რომ გაიგო ბატონმა, მაშინ ბრძანა, ჩააგდეთ ის კაცი საპყრობილეში, ვიდრე უკანასკნელ მცირე ზომის ფულსაც არ გადაიხდისო. ამ შემთხვევაში პირველი ვალი ვინც მიუტევა, ეს არის უფალი და ჩვენ ვართ ისინი, ვისაც მოგვიტევებს. ყოველი აღსარებით, ზიარებით, ახლიდან ვიბადებით. ჩვენ ძალიან მცირე ნაწილს ვხედავთ ჩვენი ცოდვებისა. იმას, რასაც ვხედავთ მცირე ძალით განვიცდით, ეს ადამიანის სისუსტეა. ამის შესახებ სახარებაში უფალი ბრძანებს, რომ შენ სხვის თვალში ხედავ ბეწვს და შენს თვალში ვერ ხედავ დირეს. უფალი მოგვიტევებს ყოველგვარი საზღაურის გარეშე, ჩვენ როგორ არ უნდა მივუტევოთ მოყვასს“, – აღნიშნა მეუფემ.
ამასთან, მისივე თქმით, „ვერასოდეს, როგორი დიდი ცოდვაც არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა ადამიანის მიმართ, ის ვერ მივა იმ ცოდვასთან, რომელსაც ღმერთის წინაშე ჩავდივართ“.
„უსაზღვრო დიდი ვალი ყველას მოგვეტევება, ჩვენ ყველა მიტევებულნი ვართ, ყველაზე გადმოვიდა მოწყალება. როცა ჩვენ მოყვასს ძალიან მცირეს არ მივუტევებთ, ჩვენ ვართ სასტიკნი, ეს არის ულმობელობა. უფალი გვეუბნება, ეძიებდეთ უპირველესად საკუთარ თავში ნაკლს, ხოლო მოყვასს მიუტევეთ. რამდენჯერ უნდა მივუტევოო ეკითხება პეტრე, შვიდჯერო? 70-ჯერ შვიდზეო, ანუ დაუსრულებლად უნდა მივუტევოთ მოყვასს. როგორ გადარჩა საქართველო? – რადგან აქ არის ჩვენი დიდი პატრიარქი, რომელიც გადაფარებულია საქართველოზე მთელი მისი ლოცვითა და ჯვარცმით, მოწამეობრივი ღვაწლით. რამ გადაარჩინა საქართველო?- სულიწმინდის მადლმა გადაარჩინა, რომელიც პატრიარქმა მოიპოვა და ჩვენ გადმოგვცა. თუ ჩვენ ყველანი შევუდგებით ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების გზას, არამარტო საქართველოში, ყველგან სარწმუნოება გაძლიერდება“,- განაცხადა მეუფე დანიელმა საკვირაო ქადაგებისას.
“1არხი”