თვითმხილველები ამბობენ, რომ მიკროავტობუსი, რომელიც სიმაღლიდან გადავარდა, დიდი სიჩქარით მიდიოდა. “კურიერთან“ სოფელ ბისოს მცხოვრები შალვა ქეთელაური ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიკროავტობუსს ტექნიკური პრობლემებიც ჰქონდა.
“ჩემი ვარაუდით, რაღაცა გაუფუჭდა… ტექნიკური გაუმართაობა მოხდა. ჩემთან გაჩერდნენ, თაფლი აიღეს, რომ წავიდნენ რაღაცა ხმა იყო მანქანის, ვიფიქრე გაჩერდებიან მეთქი, თითქოს საბურავი გაუსკდათ…“ – ამბობს ქეთელაური.
მისივე თქმით, მუშებმა, რომლებიც მომხდარის ადგილას იმყოფებოდნენ, თქვეს, რომ მიკროავტობუსს არც კი მოუხვევია მოსახვევში, პირდაპირ დაარტყა გაჩერებული მანქანას და სიმაღლიდან გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
“რუსთავი2”