გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული საბურთალოელების – საბა ჩხარტიშვილის, ირაკლი წაქაძისა და საბა გოგშელიძის ადვოკატები გენერალურ პროკურატურას მათი დაცვის ქვეშ მყოფების საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის მოთხოვნით მიმართავენ.
როგორც სხდომის დაწყებამდე საბა ჩხარტიშვილის ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ განაცხადა, ,,არსებობს საფუძველი აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოს“.
ამასთან, მისივე თქმით, სასამართლოს პატიმრობის შეცვლის თაობაზე შუამდგომლობითაც მიმართავს.
„დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განიხილება სისხლის სამართლის საქმეზე შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი. მე, როგორც დაცვის მხარე და საბა ჩხარტიშვილის ინტერესების დამცველი, ვიშუამდგომლებ შეფარდებული პატიმრობის შეცვლას, დავასაბუთებთ კონკრეტული მტკიცებულებებით და სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას. ასევე, მივმართეთ გენერალურ პროკურატურას სამი პირის, მათ შორის საბა ჩხატიშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის თხოვნით. მათი ინტერესების დამცველებმაც რამდენადაც ვიცი, მიმართეს აღნიშნული მოთხოვნით. არგუმენტებს მოგახსენებთ მას შემდეგ, რაც ჩაგვბარდება გადაწყვეტილება გამოყოფის თაობაზე. არსებობს საფუძველი აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოს,“ – აღნიშნა დავით ჭიკაიძემ.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი იმართება. პროცესზე დაკავებული 11 პირისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.
პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე „ტოიოტა ქამრის“ მგზავრების – 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის დაიწყო, რაც განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს დაუმძიმდათ.
“ინტერპრესნიუსი”