ცხინვალის რეგიონის საკითხებში სტალინი ნაკლებად იყო ჩართული, მისი მიმართულება იყო ცარიცინის დაცვა და გადართული იყო პოლონეთის მიმართულებით. სტალინი იმ დროს საქართველოს ხაზით არ მუშაობდა და ქართული ბოლშევიკური ფრაქციის ბედი ჩაბარებული ჰქონდა ქავთარაძეს, ორჯონიკიძეს, მამია ორახელაშვილს, ელიავას.
სტალინი ნაკლებად ერეოდა მაშინდელ ამიერკავკასიაში არსებულ სიტუაციაში. ის დაინტერესებული იყო, საქართველო გაწითლებულიყო, რადგან კარგად ესმოდა, როცა 1920 წელს რუსმა ბოლშევიკებმა ვერ შეძლეს ბალტიისპირეთის გაწითლება, ლატვიელი ბოლშევიკების გავლენა ლატვიაში შემცირდა. სტალინი ფიქრობდა, რომ საქართველოს არგაწითლებაც მის შანსებს, ბოლშევიკურ პარტიაში დაეკავებინა პოზიციები, დააკნინებდა. ამისთვის მას ჰქონდა ლატვიელი ბოლშევიკების მაგალითი. რაც შეეხება საქართველოში ავტონომიების შექმნას, სტალინი ამაში სავარაუდოდ მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იყო ლენინისა და ტროცკის იდეა, ეს არ იყო მაინცდამაინც სტალინის იდეა. ტროცკის სურვილი იყო, ე.წ. რეპრესირებული ეროვნული უმცირესობებისთვის, როგორც ისინი თვლიდნენ, მიენიჭებინათ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური სტატუსი.
როგორც კი სტალინმა ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, აფხაზეთის საკავშირო რესპუბლიკის სტატუსი მაშინვე გააუქმა, გააუქმა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა, სადაც აფხაზეთს ჰქონდა რესპუბლიკის სტატუსი, ისევე, როგორც საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს. ამ სტატუსის გაუქმების შემდეგ სტალინმა აფხაზეთი დაუქვემდებარა საქართველოს, როგორც ავტონომიური პოლიტიკური ერთეული. მერე მოხდა სტალინისა და ბერიას დაპირისპირება ლაკობასთან.
1920- 21 წლებში სტალინის პოზიციები ბოლშევიკურ პარტიაში არ იყო მაინცდამაინც ძლიერი. სტალინი კი იყო ეროვნული უმცირესობების კომისარი, მაგრამ სულ სხვა საქმით იყო დაკავებული. რეალურ ძლიერებას მან მაშინ მიაღწია, როცა 1922 წელს ბოლშევიკური პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს. ის გახდა ერთგვარი ტექნიკური ხელმძღვანელი, რომელმაც ტექნიკური თანამდებობა გადააქცია პოლიტიკურ თანამდებობად. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ტროცკის გადაყენებაც შეძლო სტალინმა მაშინ, როცა ტროცკი გაცილებით მაღალ თანამდებობაზე იყო, ვიდრე სტალინი. ფაქტობრივად, ტროცკი იყო საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი. სწორედ ტროცკიმ აუწია აფხაზეთს საკავშირო სტატუსი, ტროცკი და ლაკობა იყვნენ სტრატეგიული მეგობრები. ტროცკის საქართველო სულ არ აინტერესებდა, მას სურდა, ერებს წაეშალათ საზღვრები და დიდი თუ პატარა ერები გაერთიანებულიყვნენ ერთიან და მითიურ კომუნისტურ ინტერნაციონალურ სამყაროში.
ეს ნიშნავს, რომ ტროცკის სულაც არ ადარდებდა, საქართველოში ხელოვნურად იარსებებდა თუ არა ე.წ. სამხრეთ ოსეთი. სხვათა შორის, ორჯონიკიძემ შეასრულა ტროცკის ეს მითითება, სტალინი ამას არ შეეწინააღმდეგებოდა, რადგან ეს იყო მაშინდელი ბოლშევიკური პარტიის გენერალური ხაზი. იმ პერიოდში ორჯონიკიძეს მეტი გავლენა ჰქონდა საქართველოზე, ვიდრე სტალინს. მამია ორახელაშვილი და სხვები სწორედ ორჯონიკიძის დაჯგუფების წევრები იყვნენ, ორჯონიკიძე კი ტროცკის მიერ იყო დასმული. ტროცკი და ორჯონიკიძე უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ვიდრე ორჯონიკიძე და სტალინი.
ვახტანგ მაისაია
პოლიტოლოგი, ფორ-გე