ბელარუსში სიტუაცია ნორმალიზდება, მაგრამ ეს ყველას არ მოსწონს და არიან ისეთები, რომლებსაც სურთ, მოვლენების განვითარების ეს მშვიდობიანი ტენდენცია უკრაინის სცენარად გადაიქცეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბელარუსი ხალხი თავად გადაწყვეტს, თუ როგორ მოაგვაროს სიტუაცია.
„ჩვენი მიდგომა ძალიამ მარტივია: ეს ბელარუსის შიდა საქმეა. ბელარუსი ხალხი თავად გადაწყვეტს, თუ როგორ მოაგვაროს ეს სიტუაცია. მთავარია, არეულობის გარედან პროვოცირება არ მოხდეს,“ – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, მოსკოვი დიალოგთან დაკავშირებით ბელარუსი ლიდერების არანაირი გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ წავა.
„ჩვენ არანაირი გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ წავალთ, რასაც ბელარუსის ხელმძღვანელობა საკუთარ ხალხთან დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით მიიღებს, მაგრამ როდესაც დასავლეთი აცხადებს, რომ მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების შუამავლობა იქნება ეფექტური, ყველას, რა თქმა უნდა, ახსენდება, როგორ განვითარდა ეს ყველაფერი უკრაინაში,“ – აღნიშნა ლავროვმა.