ნატოს ყოფილი მთავარსარდალი ჯეიმს სტავრიდისი აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება უფრო რეალური გახდება, თუ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ნატოს მოქმედებების ბაზისი არ იქნება. ამის შესახებ მან “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.
„სამწუხაროდ, რაც მეტი დრო გადის, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი უბრალოდ რეალობა, გაყინული კონფლიქტები ხდება. ჩემი აზრით, რაც არ უნდა გასაკვირი და ინტუიციის საწინააღმდეგო იყოს, ეს რეალურად საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებს ზრდის. იგივეს ვფიქრობ უკრაინაზე, თუმცა მოგვიანებით. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყირიმი უკრაინას უკან მალე დაუბრუნდეს, ან სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაუბრუნდნენ საქართველოს მალე. ვისურვებდი, რომ ასე არ ყოფილიყო. მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ ეს [აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი] გაყინული კონფლიქტებია, რომ ეს ფაქტია, რომელსაც ვერ შევცვლით, ვფიქრობ, საქართველოსთვის ნატოში სრული გაწევრიანებისთვის კარი გაიხსნება და ალბათ, დროთა განმავლობაში უკრაინისთვისაც. ვფიქრობ, განსაკუთრებით საქართველომ მოიპოვა თავისი ადგილი ნატოში, იქნება ეს ავღანეთში საბრძოლო შედეგით თუ იმ სიმამაცით, რომლითაც მჩაგვრელ სახელმწიფოს წინააღმდეგობას უწევს და იმით, რომ შეერთებული შტატების მოკავშირეა. აქვე განვმარტავ, არ ვიტყოდი, რომ ეს სანაცვლოდ ტერიტორიების მიცემაა. ვიტყოდი, რომ ნატოს შიგნით გაცილებით რთულია ნატოს მიყიდო არგუმენტი, რომ რუსეთს უთხრას, რომ უნდა დააბრუნო ეს მიწა. ვფიქრობ, რომ ეს ალიანსისთვის უფრო რთულია. ვფიქრობ, ალიანსისთვის ეგრეთწოდებული [რუსეთის] „ჯიბის ვეტოს“ დაძლევა შესაძლებელი იქნება, თუ ალიანსი იტყვის, რომ საქართველოს მივიღებთ წევრად, მაგრამ ამ ორი ტერიტორიის დაბრუნება ნატოს მოქმედებებისთვის ფუნდამენტური ბაზისი არ იქნება. შეიძლება ეს ქართველებისთვის ან უკრაინელებისთვის იყოს მიუღებელი. მაგრამ, მე რომ ქართველი ან უკრაინელი ვიყო, კონსოლიდაციას და ნატოს კარვის ქვეშ შესვლას და ამ ტერიტორიების დაბრუნებას, დროთა განმავლობაში ვეცდებოდი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ძალიან რთული გზაა, მაგრამ მე რომ ვიყო, ვამჯობინებდი ნატოს წევრი ვიყო, ვიდრე ნატოს პარტნიორი. თუმცა, აუცილელბლად მინდა დავამატო, რომ ეს ქართველების გადასაწყვეტია და არა ამერიკელების, ან ნატოს ყოფილი მეთაურების. ეს არის ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან რთულ პოზიციაშია,” – განაცხადა სტავრიდისმა.
ამასთან, როგორც ის ინტერვიუში ამბობს, 2008 წელს დასავლეთის რეაგირება ადეკვატური არ იყო.
“ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ უნდა დაგვეწესებინა მასიური სანქციები. მოგვიანებით, ეს გაკვეთილი მივიღეთ უკრაინაში. მაგრამ ვფიქრობ, რომ იმ დროისთვის ჯერ კიდევ არსებობდა იმედი, რომ როგორმე შევძლებდით რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას, ვიპოვიდით უკეთეს გზას, მოულოდნელად არ შევაბიჯებდით ახალ ცივ ომში. ჩვენ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ვლადიმერ პუტინი და მისი ანტიპათია, მისი პირადი ღრმა სიძულვილი შეერთებული შტატების და თავად ნატოს მიმართ. ასე რომ, ჩვენ შესაძლებლობა გავუშვით – არც ეკონომიკური სანქციების თვალსაზრისით და არც სამხედრო ტექნიკით თუ ტრეინინგებით დახმარების მხრივ, საკმარისად ძლიერი რეაქცია არ გვქონდა იმაში დასარწმუნებლად, რომ დანარჩენი საქართველო რუსეთისთვის ისეთი რთული სამხედრო პრობლემა გაგვეხადა, რომ რუსეთი სხვას ვერაფერს გაბედავდა. ვფიქრობ, ასე რომ მოვქცეულიყავით, უკრაინის ტრაგედია არ მოხდებოდა. ახლა, იმის გამო, რაც საქართველოში და უკრაინაში მოხდა, სულ სხვა სიტუაციაში ვართ. ჩემი აზრით, როცა პარტნიორებს და მოკავშირეებს ვუყურებთ, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ძალიან, ძალიან მტკიცე პოზიციები უნდა გვქონდეს და ამაში უნდა შედიოდეს სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ძალისხმევა”, – აღნიშნა მან.
“აიპიენი”