შატილში მომხდარი ტრაგედიიდან 18 საათის შემდეგაც არ გაკეთებულა ოფიციალური განმარტება იმ ტურისტული კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, რომლის ორგანიზებითაც შატილის მიკროავტობუსს ტურისტები გადაჰყავდა.
“კურიერმა” გაარკვია, რომ ტური ხევსურეთში 1 დღიანი იყო. შატილის გზიდან გადავარდნილი სამგზავრო მიკროავტობუსი, სავარაუდოდ ტურისტულ კომპანია Traveler.ge-ს ეკუთვნის.
როგორც “კურიერს” ტურისტულ კომპანიაში უთხრეს, კომპანიის წარმომადგენლები გამოკითხვაზე არიან დაბარებულები.
“გამოკითხვაზეა ყველა დაბარებული და შესაბამისად იკვლევენ მძღოლის, გიდის და ყველაფრის კონტაქტებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც გამოიკვლევს ყველაფერს, ავტომანქანას და ასე შემდეგ, გააკეთებს განცხადებას…” – აცხადებენ ტურისტულ კომპანიაში.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.
“რუსთავი2”