შატილის გზაზე, სადაც გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ამ დრომდე იმყოფებიან.
მიკროავტობუსი, რომელიც 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, კვლავ ხევში რჩება. სიმაღლიდან გადავარდნილია ჯიპიც, რომელთან მიკროავტობუსის შეჯახებამაც, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა გამოიწვია. ჯიპი ხეებს შორისაა გაჭედილი. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს სავარაუდოდ, დღეს ამოიყვანენ.
აღნიშნულ გზაზე მოძრაობა აღდგენილია და მგზავრებს გადაადგილების საშუალება ეძლევათ.
შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გუშინ საღამოს გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. მიკროავტობუსი ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა და მას ტურისტები გადაჰყავდა. დაღუპულთა შორის ერთი უცხოელია.
“ინტერპრესნიუსი”