დიმიტრი პესკოვი – კრემლი საფუძველს ვერ ხედავს, რომ ალექსეი ნავალნის საქმეზე გამოძიება დაიწყოს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამ ეტაპზე კრემლი ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამლვის ფაქტზე გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

პესკოვის განცხადებით, ჯერ საჭიროა იმ მომწამლავი ნივთიერების დადგენა, რომლის გამოც ნავალნი კომაში აღმოჩნდა.

„გამოძიების დასაწყებად საფუძველია საჭირო. ჯერჯერობით მხოლოდ პაციენტის კომაში ყოფნის კონსტატაცია შეგვიძლია“, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.

მისივე თქმით, ასეთი საფუძველი შეიძლება მაშინ გაჩნდეს, როდესაც დადგინდება მომწამლავი ნივთიერება და ასევე დადასტურდება ის, რომ ნავალნი ნამდვილად მოწამლეს.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.

“იმედი”