გიორგი ვაშაძე- პოლიტიკას სუფთა წარსულის მქონე ადამიანები უნდა აკეთებდნენ

ჩემი აზრით, პორტირებების და გადახტომების დრო ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს.

 

პოლიტიკას უნდა აკეთებდნენ პროფესიონალი, სუფთა წარსულის მქონე ადამიანები და არა საკუთარი ბიზნესინტერესების ლობისტი პიროვნებები, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ „ნაცმოძრაობის” სიაში მყოფი ადამიანები „ოცნების” მხარეს გადავიდნენ და არის თუ არა ამის საშიშროება, რომ წელსაც იგივე მოხდეს.

„ასე არის დაკომპლექტებული დამსხვრეული ოცნებების პარტიის მთლიანი სამაჟორიტარო კორპუსი და იმედი მაქვს, რომ არ იქნება ასეთი ხალხი ოპოზიციურ ფლანგზე. თუ ბიზნესს აკეთებ, წადი ბიზნესს მიხედე და არა პოლიტიკას”, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება” არ ხსნის საზღვრებს, რითაც შიმშილისთვის გაწირა მთლიანად მოსახლეობა.

„საზღვრებს არ ხსნის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მიზნებისთვის. ერთ-ერთი მიზანია, რომ ხელი შეუშალოს დამკვირვებლების შემოსვლას. ფიქრობს, რომ მშიერი ხალხის მართვა უფრო ადვილია, დღეს ხალხი მშიერია და ამისთვის პასუხი უნდა მოვთხოვოთ დამსხვრეული ოცნებების პარტიას,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“აიპიენი”