ინფექციური საავადმყოფო შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღებას დაახლოებით, სამ კვირაში განაახლებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღებას დაახლოებით, სამ კვირაში განაახლებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ეტაპობრივად განხორციელდება. იცით, რომ რამდენიმე სერვისი უნდა აღვადგინოთ. სასიცოცხლო მნიშვნელობის სამუშაოები, რაც ამ 300 000 ლარს მოითხოვდა, უკვე დაწყებულია. თავდაპირველად პაციენტების მიღება აღდგება იმ კორპუსში, სადაც მხოლოდ ჟანგბადის სისტემის უზრუნველყოფაა საკმარისი. სამ კორპუსში უნდა ჩატარდეს ასეთი სამუშაოები და ამას, ალბათ, დასჭირდება სამი-ოთხი დღე. სადღაც მეხუთე-მეექვსე დღეს პაციენტების მიღება უკვე შესაძლებელი იქნება.

დანარჩენ კორპუსებში, ჟანგბადთან ერთად აღსადგენია ისეთი სერვისები, როგორიცაა: ვენტილაცია, იქ დამიწებაა გასაკეთებელი და ზოგიერთ პალატაში კიდევ რემონტია ჩასატარებელი. ეს ყველაფერი ეტაპობრივად იქნება, მაგრამ საერთო ჯამში, ალბათ, მაქსიმუმ სამი კვირის ხანგრძლივობა დაგვჭირდება. მაქსიმალურად სწრაფად გვინდა ამ ყველაფრის გაკეთება. იმედია, რომ ოთხ-ხუთ დღეში ერთი კორპუსი დაგვიბრუნდება, სადაც განვახორციელებთ პაციენტების მიღებას“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო. „ფინანსთა სამინისტროში უკვე ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა და ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის გამოიყენოს 300 ათასი ლარი. საკითხი ამით გადაწყვეტილია“, – აცხადებენ სამინისტროში.

20 აგვისტოს თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ელემენტარული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო, ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა.

 

“იმედინიუსი”